
04ივლ,2025
სოციოლოგიის პროგრამის სტუდენტის მობილობა გერმანიაში
ანა ჯანჯღავა, საბაუნის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ბადენ ვიურთემბერგის სასტიპენდიო პროგრამით გერმანიაში, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ანასთვის საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით სახალისო კულტურული საღამოები იყო, სადაც გაცვლითი პროგრამის სტუდენტები საგანგებოდ მომზადებულები წარადგენდნენ ქვეყანას და აცნობდნენ მეგობრებს ქვეყნის სიკეთეებს.
''გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი უპირატესობა, შეძენილი უცხოელი მეგობრებია, რომელთა წყალობით სტუდენტები ასევე ეზიარებიან უცხოურ კულტურებსაც. გაცვლითი პროგრამები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ უკეთესად გაეცნო ევროპულ კულტურასა და ფასეულობებს და ამასთანავე შეხვდე ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ცხადია, რომ არა გერმანიაში მობილობა, გაცილებით ნაკლები მეცოდინებოდა
უცხო კულტურათა შესახებ. გარდა ამისა, მხვდა პატივი, რომ საქართველო სხვა კუთხით გამეცნო ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის და პოზიტიურ ჭრილში წარმომეჩინა საკუთარი ქვეყანა“ - ამბობს ანა.
როგორც ყველა სტუდენტისთვის, ხუთი თვით ქვეყნისგან, ოჯახისგან მოშორებით ცხოვრებამ ანა უფრო მეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გახადა. ასევე, უკეთ დააფასა დროისა და წესრიგის ფასი და ცდილობს ყოველდღიურობაში გადმოიტანოს ეს გამოცდილება. როგორც სოციოლოგიის სტუდენტისათვის, მისთვის ყველაზე საინტერესო სოციოლოგიური კვლევებში მონაწილეობა აღმოჩნდა. პროექტი, რომელშიც ანა იყო
ჩართული ეხებოდა გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ მიგრანტების გამოწვევების შესწავლას, რამაც ანას თავისი პროფესია სხვა პერსპექტივითაც დაანახა.
ასევე საინტერესო და განსხვავებული აღმოჩნდა ანასთვის ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები, განსაკუთრებით ინგლისური ენა სოციალური მეცნიერებებისათვის და ინტენსიური ონლაინ კურსი. „ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა საგანი English for Social Sciences. ამ საგნის წყალობით არამარტო გავიუმჯობესე ინგლისური ენა და ტერმინოლოგია, არამედ უკეთ გავეცანი შშმ პირებისა და ლტოლვილების საჭიროებებსა და პრობლემებს, ასევე გავიგე თუ რა სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან ბავშვები ადრეული განვითარების ეტაპზე. მეორე ასევე საინტერესო და ჩემთვის სრულიად უცხო საგანი იყო Blended Intensive Course (German, Norwegian and Dutch Perspectives). ეს საგანი უშუალოდ ეთმობოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა მუშაობას და მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საშინაო დავალებებს“ - აღნიშნავს ანა.
სამშობლოში დაბრუნებულ ანას ყველაზე მეტად გერმანიაში გაცნობილი უცხოელი მეგობრები და მათთან გატარებული კულტურული საღამოები მოენატრება. თუ რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ანა პასუხობს: „სტუდენტმა, პირველ რიგში, იმის გამო უნდა მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, რომ გახდეს დამოუკიდებელი ადამიანი. კომფორტის ზონის დატოვება განვითარების საწინდარია და უცხოეთში რამდენიმეთვიანი ცხოვრება ამ ყველაფერში ნამდვილად გვეხმარება. გაცვლითი პროგრამების განმავლობაში ეცნობი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას,რაც აუცილებელია თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენის ბარიერის გადალახვა. უცხოენოვან გარემოში ყოფნა საუკეთესო პრაქტიკაა ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად. როდესაც ცხოვრობ უცხო ქვეყანაში, გიწევს მიიღო ახალი გამოწვევები და ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე დადებით გავლენას ახდენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ვურჩევდი ყველა სტუდენტს რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, არ შეგეშინდეთ გამოწვევების და სირთულეების, რადგან ეს იქნება მათ ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება, უკეთესად გაითავისებენ ევროპულ ფასეულობებს და კულტურას“.