
26ოქტ,2022
ცისია ოქროპირიძე - ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი
ცისია ოქროპირიძე, სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და საბაუნის მოწვეული ლექტორი აკადემიური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ორი კვირის განმავლობაში ცისიამ მასპინძელი უნივერსიტეტის სამართლის, კანონიკური სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: ლექცია/სემინარები, საუნივერსიტეტო საჯარო სემინარი და დისკუსიები. გარდა ამისა ჰქონდა ინდივიდუალური შეხვედრები კვლევითი პროექტის ხელმძღვანელთან, პროფ. პიოტრ სიტარშთან.
„ორ კვირიანი მობილობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება ჩემთვის. გარდა იმისა, რომ შევხვდი ძალიან განათლებულ, შრომისმოყვარე და ღირსეულ პროფესორებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შერეულ აუდიტორიებში ლექციების ჩატარება, სადაც მესწრებოდნენ სტუდენტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, აფრიკული ქვეყნებიდან, ამერიკიდან. დისკუსიები ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო. საოცარი შეგრძნებაა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ხედვების და პერსპექტივების გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ უნივერსიტეტში ვიყავი და მომიწია დისკუსიები ისეთ ადამიანებთანაც, რომლებსაც გააჩნიათ მტკიცე, ძლიერი რელიგიური ხედვები და იდეები, დისკუსიები იყო ძალიან მრავალმხრივი და შთამაგონებელი. ეს არ გავდა დისკუსიებს, სადაც აუცილებლად ერთი სწორია და მეორე აუცილებლად არასწორია, ეს იყო საკითხის მრავალმხრივი აღქმა, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება. ძალიან მადლიერი ვარ საბაუნის ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისა და ჩვენზე მუდმივი ზრუნვისთვის. გამორჩეული მადლობა ჩემს სადოქტოროს ხელმძღვანელს, ის ჩვენი მოტივაციისა და ინსპირაციის უშრეტი წყაროა. “ - ცისია ოქროპირიძე.
აკადემიური გაცვლითი პროგრამა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალის მობილობას საცხოვრებელითა და კვლევისათვის საჭირო მასალაზე წვდომით.