12ივნ,2023
დიმიტრი კობახიძის Erasmus+ მობილობა აკადემია იგნატიანუმში
12-17 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროფესორი, დიმიტრი კობახიძე Erasmus+ აკადემიური მობილობით პარტნიორ უნივერსიტეტს, აკადემია "იგნატიანუმს" სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მან ლექციები ჩაატარა პოლონელი სტუდენტებისა და პერსონალისათვის თემაზე - „პერსონალური ბრენდის მართვა“. დიმიტრი კობახიძის თქმით, „ეს საკითხი, აი ამ სახით, სამწუხაროდ არც ერთ უნივერსიტეტში არ შეისწავლება. არა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდები არ მიჰყვებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ გარემოს ინერციით, არამედ გაერკვნენ თუ რა უნდათ და რატომ უნდათ. გამოავლინონ ინიციატივა და აიღონ საკუთარი თავის შექმნა - სრულყოფის სადავეები ხელში და წარმართონ მათივე პროგრესი შეგნებულად“.
საბაუნის პროფესორმა ასევე სამუშაო შეხვედრები გამართა მიმღები უნივერსიტეტის პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ კონრად ოსვიეციმსკისთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან.
„შეხვედრაზე განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და ერთობლივ კვლევებზე რადგან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი ცვლილებები ძალიან ბლომადაა, რომელთა სრულფასოვანი ანალიზისათვის მარტო ერთ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული დაკვირვება საკმარისი არ იქნება. მსგავსი შესაძლებლობა ორივე მხარის მკვლევრებს უქმნის ასპარეზს რომ თავ-თავიანთი ქვეყნის მდგომარეობის ასახვით, მასშტაბურობა და ვალიდურობა შემატონ ერთობლივ პროექტს“ - დიმიტრი კობახიძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და აკადემიავიგნატიანუმი 2018 წლიდან თანამშრომლობენ პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის მიმართულებით.