06ოქტ,2026
Erasmus+ Ka2 პროექტის დასკვნითი კონფერენცია „ცოდნისა და საზოგადოების დაკავშირება: უნივერსიტეტების ცვალებადი როლი“
2026 წლის 29 სექტემბერს გაიმართა Erasmus+ Ka2 პროექტის „Enhancing capacities for Sustainable Community Engagement: Cases of Georgia and Sierra Leone – Enhance GSL” დასკვნითი კონფერენცია, სახელწოდებით „Connecting the knowledge and Society: changing role of the universities”, რომელშიც ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე უცხოელი კოლეგები. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, პირველი ნაწილი დაეთმო საზოგადოებრივი ჩართულობის პრომოციაში უნივერსიტეტების როლზე საუბარს. საგანგებო ვიდეო ჩანაწერით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უმაღლეს განათლებაში service-learning ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ნიკოლას სტანდერტი. საზოგადოებრივი ჩართულობისა და ახლაგაზრდებში მოხალისეობრივი სულისკვეთების გაღვივებაში უნივერსიტეტების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესორმა ბოიანა კულუმ ილიჩმა.
პანელური დისკუსიის ფორმატში მატეი ბალას უნივერსიტეტის პროფესორებმა ისაუბრეს საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებების კურიკულუმებში ინტეგრირების საკუთარ გამოცდილებაზე. პანელურ დისკუსიას უძღვებოდა საბაუნის ანტი-დისკრიმინაციული ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ცისია ოქროპირიძე.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პოსტერების სესიის ფარგლებში, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული პროფესორებისა და სტუდენტების გამოცდილებები. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან წარდგენილი იყო ოთხი პროექტი: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სტუდენტთა ინიციატივების გზით”, „საზოგადოებრივი ჩართულობის სასწავლო ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“, „ბავშვთა უფლებები და ბავშვთა მიმართ ძალადობის მრავალი ფორმა“ და „კადრს მიღმა, გაჯეტები და დედების გამოწვევები“.
მოხალისეობის მნიშვნელობასა და მოხალისეობრივ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს კარიტასის კომუნიკაციებისა და მოხალისეობრივი განვითარების პროექტების მენეჯერმა, მინდია თავხელიძემ, რომელმაც მზაობა გამოთქვა უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.
აღნიშნული კონფერენციის დასრულდა პროექტი Enhance GSL, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო „Community Engagement in Higher Education”, პროექტის ვებ-გვერდი და ჩატარდა ტრენინგები როგორც ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის, ასევე, სტუდენტებისათვის.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტია და მასში ჩართულები იყვნენ: უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა, ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, ცისია ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც პროექტის კოორდინატორია.