
18აპრ,2024
Erasmus+ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიურ წელს
ცხადდება რეგისტრაცია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური) და სამართლის ფაკულტეტის (საბაკალავრო საფეხური) სტუდენტებს.
მობილობის პერიოდში სტუდენტმა უნდა აიღოს 20-30 ECTS კრედიტის შესაბამისი საგნები, რომლებიც მობილობის დასრულების შემდეგ აღიარდება ფაკულტეტის მიერ (საგნების შეთახმება ხდება წინასწარ).
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობის ხარჯებს და ასევე, სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით.
სხვადასხვა სოციალური თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს დამატებით მხარდაჭერას 250 ევროს ოდენობით. დამატებითი გრანტი გაიცემა, თუ სტუდენტი:
- არის სპეციალური საჭიროების მქონე
- არის მრავალშვილიანი ოჯახიდან
- არის ტერორიზმის და გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ობოლი
- არის სოციალურად დაუცველი
- აქვს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები (33% ან მეტი)
- არის უკრაინიდან
დამატებით ხარჯების მისაღებად, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ავტორიზებული ორგანოებიდან.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია პირველი სემესტრის (ბაკალავრიატის საფეხური) და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს (მობილობის სემესტრი არ უნდა იყოს დამამთავრებელი). ასევე, სტუდენტს, რომელსაც აქვს სტატუსი შეჩერებული და აქვს ფინანსური დავალიანება.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება 60%
- შერჩეული მიმართულების რელევანტურობა საბაუნიში რეგისტრირებულ მიმართულებასთან 20%
- მოტივაცია 20%
უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა არ არის შერჩევის კრიტერიუმი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მასპინძელი უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე (UVAMOBPLUS) 2024 წლის 17 მაისამდე (ესპანური დროით 23:59 სთ). აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს პლაფორმაზე და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტი
- CV Europass ფორმატში
- რეკომენდაციის წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ცნობა უნივერსიტეტიდან
- უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ინგლისური/ესპანური B2)**
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება*
- სამოტივაციო წერილი
- სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული)
- დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა უნდა ატვირთონ შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ზემოთ)
- გრანტის მიღებასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტი (ჩამოტვირთეთ პლატფორმიდან და ხელმოწერილი ატვირთეთ ისევ).
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
(*) საწავლო ხელშეკრულების შაბლონს ჩამოტვირთავთ პლატფორმიდან, ხოლო საგნები უნდა შეთანხმდეს პროგრამის ხელმძღვანელთან ან ფაკულტეტის დეკანთან.
(**) სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატი, ტესტირება ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 8 მაისს 14:00 საათზე. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 7 მაისისა ბმულზე.
არასრულად გაგზავნილი დოკუმენტაცია არ განიხილება შერჩევის დროს.
შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი: რეგისტრირებული სტუდენტების საბუთების გადამოწმება
მეორე ეტაპი: გამგზავნი უნივერსიტეტის შესარჩევი კომისია შეაფასებს აპლიკანტებს
მესამე ეტაპი: მიმღები უნივერსიტეტის კომისია შეაფასებს სტუდენტების დოკუმენტაციას და მშობლიური უნივერსიტეტის შეფასებებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.
მნიშვნელოვანი ვადები:
პლატფორმაზე რეგისტრაცია - 17 მაისი, 23:59 საათი ესპანური დროით
ინგლისურ ენაში ტესტირება - 8 მაისი, 14:00 საათი (საქართველოს დროით)
შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება - 17 მაისის შემდგომი კვირა (ზუსტი თარიღი და დრო აპლიკანტებს ეცნობებათ საბაუნის ელ.ფოსტის საშუალებით)
სტუდენტების გამოცდილება შეგიძლიათ იხილოთ ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ბლოგზე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ტელ.: 577347713