23ოქტ,2026
კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია
სულხა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობობის ყოველწლიურ კონფერენციაში და მოხსენება გააკეთა თემაზე „ქმნილება, როგორც გამოცდის ადგილი: რწმენა, ერი და ქმნილებაზე ზრუნვა საქართველოში“.
ორდღიანი კონფერენციის თემა „ქმნილების მთლიანობის დაცვა“ შთაგონებული იყო რომის პაპი, ფრანცისკეს ენციკლიკით „Laudato Si“ (ვადიდოთ ღმერთი), რომელშიც პაპი ძირითად აქცენტებს გარემოს დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, კლიმატის ცვლილებასა, დედამიწის დაცვასა და გადარჩენაზე აკეთებს. შესაბამისად, კონფერენციის მონაწილეებმაც მოხსენებები აღნიშნული თემების ირგვლივ წარადგინეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კათოლიკური უნივერსიტეტების საქმიანობაზე ქმნილების, გარემოს დაცვის მიმართულებით.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაეთვალიერებინათ მასპინძელი უნივერსიტეტის, პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ლაბორატორიები, სადაც მეცნიერ- თანამშრომლებმა წარმოადგინეს მათი ლაბორატორიების მიღწევები. (მობილური აპლიკაცია უსინათლოთა დასახმარებლად, მოწყობილობა შეზღუდული მოძრაობის უნარის მქონე პირებისთვის და სხვა).
2026 წლის კონფერენცია 19-20 ოქტომბერს ჩატარდა უნგრეთში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტში. საბაუნის რექტორს კონფერენციაზე თან ახლა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობა (CUP) დაფუძნდა 2004 წელს როგორც პოსტ-საბჭოთა და პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში მოქმედი კათოლიკური უნივერსიტეტების მხარდამჭერი ინიციატივა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯიმი მაკადამსი, რომელიც ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციებში.