04ივნ,2025
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“
2025 წლის 28 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა
პროფესორებმა მიიღეს.
,,ტრანსფორმაციის ეპოქაში ყოფნა, გამოწვევებთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც მოიაზრებს, რაც თავის მხრივ სიღრმისეულად გააზრებასა და ადაპტაციას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, აკადემიური სივრცის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსოფლიოში მიმდინარე მრავალმხრივი პროცესებისა და ცვლილებების კრიტიკული ანალიზისთვის, სიღრმისეული კვლევისთვის და ინტერდისციპლინური თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობულაძემ.
კონფერენცია დაყოფილი იყო სამ სამეცნიერო პანელად, პირველი პანელი მიეძღვნა საერთაშორისო პოლიტიკის, მეორე – განათლების მეცნიერების, ხოლო მესამე – ფსიქოლოგიურ და ანთროპოლოგიურ საკითხებს. მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევის მიგნებები, რასაც მოჰყვა კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს შორის საინტერესო დისკუსია.
სამეცნიერო მოხსენებები საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით შეეხებოდა:
- სამოქალაქო საზოგადოების როლს თანამედროვე უსაფრთხოებისთვის;
- ონლაინ უსაფრთხოების აქტს (2023) და საერთაშორისო გამოხმაურებას ბრიტანული სამართლებრივი გადაწყვეტის შესახებ;
- 2015-2023 წლებში პოლონეთში (მმართველი) კონსერვატიული პარტიის შიდა და საგარეო პოლიტიკას;
- საქართველოსა და მოლდოვას საერთო საფრთხეებსა და განსხვავებულ ,,ოცნებებს“
- საჯარო სამსახურის მოტივაციის პოლიტიკის შედარებით კვლევას საქართველოს, ესტონეთისა და ლიეტუვას მაგალითზე.
განათლების მეცნიერების პანელში განხილული იქნა:
- სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, როგორიც არის ეფექტური პოზიტიური სწავლების მეთოდოლოგიის საშუალებით სტუდენტების გაძლიერება ტრანსფერული უნარების განსავითარებლად;
- გეიმიფიკაციის როლი სტუდენტების აკადემიური მოსწრებისა და ჩართულობის გაუმჯობესებაში;
- ხელოვნური ინტელექტი, როგორც კვლევის ასისტენტი: ინსტრუმენტები, გამოყენება და საუკეთესო პრაქტიკა;
- საგაზეთო ენის ანალიზი.
ანთროპოლიგიის მიმართულებით მოხსენებები მიეძღვნა:
- ძალაუფლების შესწავლის ანთროპოლოგიურ ჩარჩოს;
- საბჭოთა ეთნოგრაფიასა და მის მემკვიდრეობას პოსტსაბჭოთა საქართველოში.
ფსიქოლოგიის მიმართულებით:
- სამუშაოს დაწყების მოტივაციასა და დიფერენციაციას ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ზრდასრულებში;
- ქართველი ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დამოკიდებულების კვლევას.
კონფერენციამ ხაზი გაუსვა აკადემიური სივრცის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტრანსფორმაციის ეპოქაში კრიტიკული ანალიზისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობისთვის და ხელი შეუწყო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო აკადემიური კავშირების განვითარებას.