
09ივნ,2022
მეხუთე სამეცნიერო სიმპოზიუმი "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში"
2022 წლის 7-8 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მასზე დასწრება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
სიმპოზიუმის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე, უნივერსიტეტის დამფუძნებელი მეუფე ჯუზეპე პაზოტო და წმ. საყდრის ნუნცი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტენკური. ვინაიდან წლევანდელი სიმპოზიუმი საქართველოსა და წმ. საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, მისასალმებელ სიტყვებში სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტი.
ორდღიან სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტმა მკვლევარმა და პროფესორმა, რომელთაც საინტერესოდ წარმოაჩინეს საქართველოში ქართველი და უცხოელი კათოლიკეების მიერ შეტანილი ღვაწლი ქვეყნის განვითარებაში. მოხსენებები რამდენიმე თემატურ პანელად დაიყო: ისტორიული წყაროები, ქართველი კათოლიკეების საგამომცემლო საქმიანობა, ქართველი კათოლიკე მღვდლების მოღვაწეობა და სხვ. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობაზეც.
„კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ პირველად 2017 წელს ჩატარდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და მიზნად ისახავს საზოგადოებას გააცნოს კათოლიკე ეკლესიის წიაღში მოღვაწე ადამიანების ღვაწლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.