20მაი,2019
პოლონელი პროფესორის საჯარო ლექციები
13-17 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში სტუმრობდა იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იაროსლავ მარჟევსკი, რომელმაც საჯარო ლექციები ჩაატარა სტუდენტებისათვის. ლექციების თემა იყო ტოლერანტობა ბიბლიის მიხედვით, სადაც მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის ნიმუშებზე ბიბლიის მიხედვით. გარდა ამისა, იაროსლავ მარჟევსკიმ მიმოიხილა ტოლერანტობის ისტორია ადრეულ, შუა და თანამედროვე ევროპაში. საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ვიზიტის ფარგლებში პოლონელი პროფესორი შეხვდა საბაუნის ადმინისტრაციას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. მობილობის დასრულების შემდეგ, ბატონ იაროსლავს ვთხოვეთ კომენტარი ვიზიტის შესახებ: „ჩემთვის საბაუნიში Erasmus+ მობილობა არის განვითარებისა და აკადემიური ჰორიზონტის გაღრმავების სინონიმი. ამასთანავე, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა გამეცნო ქვეყნის კულტურა, ქართველი ხალხი, მათი სტუმართმოყვარეობა და მომენახულებინა მშვენიერი ისტორიული ადგილები. ჩემი პირადი აზრით, Erasmus+ პროგრამის უდიდესი სარგებელია აკადემიურ სივრცეში ჩართული ადამიანების გაცნობა. შედეგად, ხდება მოსაზრებებისა და მიმდინარე აქტიურ თემებზე შეხედულებების გაცვლა/გაზიარება“.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015-2016 წლიდან არის ჩართული Erasmus+ KA107 პროგრამაში, რომლის ფარგლებში ყოველ წელიწადს ხდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა პარტნიორ უნივერსიტეტებში.