
03ივნ,2019
რექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე უნგრეთში
2019 წლის 10-12 მაისს, საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებში მდგრადობის შენარჩუნება“, რომელსაც მასპინძლობდა პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი).
კონფერენციის თემიდან გამომდინარე, მოხსენებების მთავარი თემა იყო მდგრადობა როგორც სამეცნიერო კუთხით, ასევე, პაპის ენციკლიკაზე „Laudato Si”დაფუძნებულ მორალურ, სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში. დისკუსიებში გამოიკვეთა კათოლიკური უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობის საჭიროება საერთაშორისო კვლევით და გაცვლით პროექტებში.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადობის კუთხით საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკურ უნივერსიტეტებს შორის. ასევე, გამოიკვეთა საინტერესო თემები მომავალი თანამშრომლობისთვის, როგორიცაა: ოჯახის შესახებ მეცნიერება, რელიგიათა შორის დიალოგი, ახალი ტექნოლოგიები და ბიო სამედიცინო პრინციპები, რომლებიც ეყრდნობა კათოლიკური ეკლესიის სწავლებას.
აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა), ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკია), იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), გრაზის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მთავარეპისკოპოსი მიხეილ ბლუმი (უნგრეთის სამოციქულო ნუნცი), უილიამ დონაჰუ, ნანოვიჩის უნივერსიტეტის დირექტორი და პროფ. შაბოლჩ შურომი, პეტერ პაზმანის უნივერსიტეტის რექტორი.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ პროფ. სუბჰას სიკდარი, ამერეკის ეროვნული რისკების მენეჯმენტის კვლევითი ლაბორატორიის ყოფილი დირექტორი (წინააღმდეგობები მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებში: რა, რატომ და როგორ?); პროფ. მიხეილ ნაროდოსლავსკი გრაზის ტექნიკური უნივერსიტეტიდან „მდგრადობის ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები“; პროფ. ჟელკო ტანჯიჩი ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი „მდგრადობის თეოლოგიური ასპექტები“, პროფ. ემოკე კორჟენსკი (გლობალური მდგრადობის ეთიკური იმპერატივები“ და პროფ. ჰერიბერტო კაბეზასი, პეტერ პაზმანის უნივერსიტეტში არსებული Laudato si' ინსტიტუტის და ბიოეთიკის ცენტრის წევრი (წყალი, საკვები და ენერგია).
აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის ორგანიზატორია ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ) და მასთან არსებული ნანოვიჩის ევროპის კვლევების ინსტიტუტი.
მომდევნო კონფერენციას საბაუნი უმასპინძლებს 2020 წელს.