03აპრ,2026
რექტორის სააღდგომო მილოცვა
ძვირფას სტუდენტებს, დოცენტებს, თანამშრომლებსა და უნივერსიტეტის ყველა მეგობარს.
რა კარგია, რომ კალენდარი გვაიძულებს მზერა მივმართოთ ყოველდღიურობის მიღმა. გაზაფხულში ადამიანი ყოველთვის ხედავდა აღორძინების, ხელახლა დაბადების, სიცოცხლის გაღვიძების ნიშანს. თუმცა, ქრისტიანული ხედვით პასექი, გაზაფხულის დღესასწაული, გაცილებით მეტია, ვიდრე ადამიანის ყველაზე ბუნებრივ და ლეგიტიმურ სწრაფვათა გამოხატვა. აღდგომა არის უწყება იმისა, რომ თურმე, სიყვარულია რომ იმარჯვებს სიკვდილზე, და რომ სიყვარული სიცოცხლეზე ხანგრძლივი ყოფილა; თურმე ეს სიყვარულია ცხოვრების ნამდვილი საფუძველი, რომელსაც შეუძლია შეეხოს და გაითავისოს თითოეულმა თავისუფალმა არსებამ; თურმე, ნამდვილად ნათელი ბნელზე ძლიერი ყოფილა და სიკეთის წყურვილი ადამიანში ყველაზე სანდო გზაა, მაშინაც კი, როცა ადამიანს სიცოცხლის წყაროს მიგნება უჭირს ხოლმე. თავად ამ წყარომ მიაგნო ადამიანს, ჯვარცმულმა და აღმდგარმა ქრისტემ.
უნივერსიტეტი, რომელსაც ერთად ვაშენებთ, თავისებურად სააღდგომო სივრცეა: ადგილი, სადაც ცოდნა ყოველ ჩვენგანში იბადება თავიდან, სადაც ახალგაზრდები საკუთარ თავს აღმოაჩენენ, სადაც დოცენტები თავიანთ ცოდნას გადასცემენ და ამგვარად თავად იღრმავებენ მას. თითოეული თავისი ლამაზი სიცოცხლის საუკეთესოდ გავლას ცდილობს და საამისოდ ემზადება, რათა რაც შეიძლება მეტს მისწვდეს და გაამრავლოს საერთო სიკეთე, რომლის უგულებელყოფა ჩვენივე ცხოვრებას მოაკლებს სიკეთეს.
გილოცავთ აღდგომას! გისურვებთ, რომ ეს დღესასწაული თქვენს სახლებსა და გულებში სიმშვიდის, იმედის და განახლებული ძალის წყარო გახდეს.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულითა და პატივისცემით,
აკაკი ჭელიძე, mi
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი