25დეკ,2025
რექტორის საშობაო გზავნილი
ძვირფასო მეგობრებო,
კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა დავუსხლტეთ ქრონოსის ყბებს, იმ წრეზე მბრუნავი უმიზნო დროის დინების მორევს, რომელიც დაუნდობლად მიაქანებს ყველას და ყველაფერს, იმ ბოროტი ღვთაებასავით, საკუთარი სამეფოს დაკარგვის შიშით რომ ნთქავდა თავის შვილებს.
სწორედ წლის უგრძესი ღამის გულში, როდესაც სიბნელე თითქოს იმარჯვებს, შობა გვიხსნის დროის სხვა განზომილებას: კაიროსს, საზრისით სავსე წამს, ხელსაყრელ მომენტს, მადლის ჟამს, რომელიც ჩვენს ისტორიაში შემოიჭრება. არა დრო, რომელიც გადის, არამედ დრო, რომელიც მოდის, რომელიც გვაღწევს, რომელიც გარდაგვქმნის.
ბეთლემში ხდება წარმოუდგენელი რამ: მარადიული შემოდის დროში, არა იმისთვის, რომ შეაჩეროს ან გააუქმოს იგი, არამედ რათა შიგნიდან დაიხსნას. ღმერთი გვათავისუფლებს არა დროისგან, არამედ თავად დროს ათავისუფლებს, საპყრობილეს გადააქცევს შეხვედრის ადგილად, განაჩენს - დაპირებად.
რაც უფრო ეცდება თანამედროვე სამყარო დაიმორჩილოს დრო - კომუნიკაციის სისწრაფით, უწყვეტი კავშირებით, შესაძლებლობებისა და გამოცდილებების გამრავლებით - მით უფრო მწვავედ შევიგრძნობთ ქრონოსის ტირანიას: დრო, რომელიც გაგვირბის, რომელიც არასოდეს გვყოფნის, ვერაფრით გვავსებს. ჩვენი ქალაქების ხელოვნური შუქები სულ უფრო ძლიერ ბრწყინავს, მაგრამ ვერ ფანტავს იმ წყვდიადს, რომელსაც ადამიანი გულით ატარებს.
და სწორედ აქ ხდება ბეთლემის შუქი აუცილებელი, გადაუდებელი, მაცხონებელი. ეს შუქი არც თვალსა გვჭრის, არც ჩრდილებს აქრობს, არამედ მოკრძალებით იბადება ბნელი მღვიმიდან, შუქი, რომელიც იქცევა თანამგზავრის სიახლოვედ, მარტოობის სიცივეში რომ გათბობს. ეს არის იმ ყრმის შუქი, რომელიც სუნთქავს იმათ აკანკალებულ ხელებზე, ვინც მას ღებულობს.
შობა გვასწავლის, რომ დროს ვერ ვუშველით ისტორიიდან გაქცევით, არამედ მისი განცდით ძირის ძირამდე. ღმერთი არ ირჩევს ძალაუფლებას, არამედ სისუსტეს; არა სიდიადეს, არამედ სიმცირეს; არა უძრავ მარადიულობას, არამედ ბავშვობის მყიფე დროს. მცირე ხდება, რათა გვითხრას, რომ ყოველი წამი, რაოდენ მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, შეიძლება იქცეს კაიროსად. ხდება მყიფე, რათა გვითხრას, რომ ჩვენი სიმყიფე როდი გვაშორებს მისგან, არამედ პირიქით, გვაერთიანებს.
როგორც უნივერსიტეტის საზოგადოება, როგორც ჭეშმარიტებისა და საზრისის მაძიებლები, ჩვენ მოწოდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ეს გააზრება: რომ ნამდვილი განათლება არ არის ცოდნის მექანიკური გადაცემა ქრონოსის ცარიელ დროში, არამედ გახსნილობა კაიროსისკენ, მადლის იმ წამისკენ, როდესაც ცოდნა სიბრძნედ იქცევა, სწავლა გარდაგვქმნის, შეხვედრა გადაიზრდება თანაზიარებაში.
ბეთლემის ყრმამ შეგვახსენოს, რომ ყოველი სიცოცხლე წმიდაა, რადგან მარადიულის ადგილია, რომ ყოველი გული ძვირფასია, რადგან სიყვარულისთვისაა შექმნილი, რომ ყოველი შეხვედრა აღდგომის შესაძლებლობაა, რადგან ყოველი წამი შეიძლება კაიროსად იქცეს, როდესაც ის ყოფნითა და ყურადღებით არის გაჯერებული.
ვისურვოთ, რომ მივიღოთ, როგორც მარიამმა და იოსებმა, ის, რაც სრულად არ გვესმის, მაგრამ რაც რადიკალურად გარდაქმნის. ვისწავლოთ ცხოვრება არა როგორც ქრონოსის მონებმა, არამედ როგორც კაიროსის შვილებმა, რომლებსაც აქვთ უნარი ამოიცნონ და მიიღონ მადლის დრო, როდესაც ის ჩვენი ცხოვრების კარზე აკაკუნებს.
სიყვარულით და მადლიერებით იმ გზისთვის, რომელსაც ერთად ვადგავართ ჩვენთვის ბოძებულ დროში,
აკაკი ჭელიძე
რექტორი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი