
28დეკ,2017
საბაუნიმ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საბაუნის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მემორანდუმის შედეგად თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში საბაუნის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კვლევის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად. კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა, ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები და სხვა. კვლევის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან(GTA)-სთან.