10მაი,2024
საბაუნის ადმინისტრაციული პერსონალის Erasmus+ 171 მობილობა სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 15 – 19 აპრილს სალამანკას პონტიფიკურმა უნივერსიტეტმა პერსონალის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური კვლევის, დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი, მზია ჯამაგიძე და ხარისხის მართვის სპეციალისტი, თამთა თავართქილაძე. საბაუნის თანამშრომლები ესპანეთში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო კვირეულის თემა იყო “გაციფრულება საუნივერსიტეტო კონტექსტში” და მასში მონაწილეობდა 50-ზე მეტი უცხოელი კოლეგა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოცდილებას, გაეცნოთ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
“სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობამ გარკვეული გამოცდილება შემძინა, ერთი მხრივ, როგორც საბაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რადგან გავეცანი არაერთი უნივერსიტეტის გამოცდილებას დიჯიტალიზაციის მიმართულებით; მქონდა საინტერესო შევხვედრები კვლევების მიმართულებით სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პრორექტორთან და ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან. გამოცდილებებისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად, გარკვეული სიახლეებიის გასაცნობად და მათ დასანერგად; ამავდროულად, ვიზიტმა შესაძლებლობა მომცა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლებლობები განგვეხილა სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან“ - მზია ჯამაგიძე.
„საინტერესო გამოცდილება იყო ბევრი მხრივ, ჩართული ვიყავი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებსა და დისკუსიებში, შევხვდი სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და გავეცანი მათ საქმიანობას. შეხვედრებზე აღმოვაჩინეთ რომ ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე იგივე გამოწვევები აქვთ როგორც ჩვენ და ვფიქრობ ამ მიმართულების გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის საინტერესო იყო“ - თამთა თავართქილაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან 2022 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში.