
02ივნ,2021
საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის შესახებ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ქობულაძე გვესაუბრება
ფსიქოლოგია, როგორც პროფესია, ბოლო რამდენიმე ათწლეულია დასავლეთის ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ტექნოლოგიური პროგრესი, ცხოვრებისეული რიტმის მუდმივი ზრდა, მიმდინარე რეფორმები და ყოველივე ამასთან დაკავშირებული სწრაფად ცვალებადი პიროვნული, ოჯახური თუ სოციალური მოვლენები ამ პროფესიის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ფსიქოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც არსებულ თეორიულ მოდელებზე, ემპირიულ კვლევებსა და ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლის ინდივიდის ფსიქიკურ პროცესებსა და ქცევებს; ცდილობს გაიგოს და ახსნას როგორია ადამიანის ბუნება. ფსიქოლოგიის მთავარი მიზნებია: ინდივიდების/ჯგუფის ქცევის აღწერა, ახსნა, პროგნოზირება (წინასწარმეტყველება), გაკონტროლება, რთული პერიოდების დაძლევაში ინდივიდების დახმარება და ზოგადად, ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა - კეთილდღეობის ამაღლება. დღესდღეობით, ფსიქოლოგია აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობის დაცვის, ბიზნესისა და განათლების სფეროებში.
საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მიღებას ფსიქოლოგიის სფეროში. სტუდენტები დაეუფლებიან ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის (პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია) შესახებ ფართო თეორიულ ცოდნას; გაეცნობიან თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად მიგნებებსა და გამოწვევებს.
აღნიშნული პროგრამის შემუშავებას საფუძვლად დაედო დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზი, იმისათვის, რომ დაგვედგინა თუ რა ცოდნა და უნარები სჭირდებათ დამსაქმებლებს ამ დარგში; ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის პროგრამების ანალიზი, არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინების მიზნით. პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა პროფესორ-მასწავლებლებისა და უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები და რეკომენდაციები.
1. საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას გააჩნია ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და მიღწევადი სწავლის შედეგები; პროგრამის სტრუქტურა საშუალებას იძლევა სტუდენტი დაეუფლოს იმ აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მისი სამომავლო პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელია. სასწავლო კურსები კონსტრუირებულია ლოგიკურად და თანმიმდევრულად, მარტივიდან რთულისკენ, ზოგადიდან კერძოსკენ. მეოთხე კურსზე შემოთავაზებული არჩევითი კურსების დიდი ნაწილი გამდიდრებულია პრაქტიკის ელემენტებით. სტუდენტს შეუძლია საკუთარი ინტერესისამებრ აირჩიოს სასწავლო კურსები და სასურველი მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა, მაგალითად იურიდიული ფსიქოლოგია, პოზიტიური ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია, პოლიტიკური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და სხვა. ასევე სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა საბაუნის პარტნიორ ორგანიზაციებში - ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში, ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრებში, იმ სტუდენტებს ვისაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება დააინტერესებთ, პრაქტიკას გაივლიან დიდი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში. პრაქტიკის გავლით მათ შესაძლებლობა მიეცემათ დახვეწონ და განავითარონ აკადემიურ გარემოში შეძენილი ცოდნა და უნარები შესაბამისი მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პროგრამას ეტაპობრივად კიდევ დავამატოთ საინტერესო და აქტუალური არჩევითი სასწავლო კურსები.
2. კიდევ ერთი ძლიერი მხარეა პროგრამის განხორციელებეში ჩართული კვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწვეული ლექტორები, რომლებიც სააუდიტორიო მუშაობისას იყენებენ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
3. საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, ის რომ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე; პროგრამაში აქცენტი კეთდება კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების, ფსიქომეტრიის, სტატისტიკური ანალიზის, ფსიქოლოგიური შეფასების სწავლებაზე და სხვა. დამამთავრებელ კურსზე საბაკალავრო ნაშრომის ფარგლებში სტუდენტები მცირემასშტაბიანი კვლევის ჩატარების გამოცდილებასაც მიიღებენ. ფსიქოლოგიური კვლევები, ინდივიდის ბუნების შესწავლის პროცესში მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენებით, შესაძლებლობას იძლევა ერთმანეთისგან გავარჩიოთ შინაგანი სუბიექტური ინფორმაცია და ობიექტური ფაქტები, ანუ განსხვავება ჩვენს წინასწარ შექმნილ რწმენებსა და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის.
4. პროგრამის შემუშავების პროცესში შეირჩა სასწავლო კურსებისთვის აუცილებელი უახლესი (თანამედროვე) ლიტერატურია/სახელმძღვანელოები, რომლებიც ეფუძნება შესაბამისი მიმართულების აქტუალურ მიღწევებსა და უახლეს კვლევებს.
5. ფსიქოლოგიის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ღონისძიებებს - საჯარო ლექციებს, სემინარებს, მასტერკლასებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, ასევე სხვა ექსტრაკურიკულუმის (პროგრამის გარეშე) აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას.
6. საბაუნის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უცხოეთში გაცვლითი პროგრამებით.
ფსიქოლოგის პროფესიის დაუფლებისას სტუდენტებს უვითარდებათ ისეთი უნარები რომლებიც მათ ეხმარება წარმატებულ მუშაობასა და კარიერულ წინსვლაში, ამასთანავე სხვა მომიჯნავე პროფესიების დაუფლებაშიც. ეს უნარებია: თვითმოტივირების, ემპათიის, კომუნიკაციის, კონსტრუქციული და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების, სტრესის მართვის, შემოქმედებითი და სხვა უნარები.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ შრომის ბაზარზე არსებულ ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებისთვისაც ფსიქოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დამაკმაყოფილებელი იქნება. ეს შეიძლება იყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება; ადრეული განათლების ცენტრი; სკოლა; სამედიცინო დაწესებულება; მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი; ფსიქო-სოციალური და ფიზიკური რებილიტაციის ცენტრი; საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი; ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი; ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი; კვლევითი დაწესებულება; ტრენინგ-ცენტრი; განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაცია - ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით; არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური პროექტების მიმართულებით.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ისინი ასევე თავისუფლად შეძლებენ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას.