
22ოქტ,2022
საბაუნის მთავარი მენეჯმენტი FUCE-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრო
2022 წლის 20-22 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის გენერალური ასამბლეა, რომელსაც ესწრებოდნენ ფედერაციის წევრი უნივერსიტეტების მმართველი რგოლის წარმომადგენლები. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ პრორექტორი სასწავლო პროცესისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, პროფ. დიმიტრი გეგენავა და პრორექტორი სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, მამა აკაკი ჭელიძე.
„საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. არსებული პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების პარალელურად, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ესპანური და იტალიური უნივერსიტეტი, რომელთანაც, ვფიქრობ, სამომავლოდ ვითანამშრომლებთ. გვჯერა, რომ გენერალური ასამბლეის მასშტაბის ღონისძიებისთვის თბილისი და საბაუნი უახლოეს რამდენიმე წელიწადში მზად იქნება და თამამად შევძლებთ, რამდენიმე ათეული ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელს 2025 წლისთვის ჩვენთან ვუმასპინძლოთ“ - აღნიშნა დიმიტრი გეგენავამ.
FUCE გენერალური ასამბლეა ყოველ წელიწადს იმართება და მიზნად ისახავს პრობლემური საკითხების ერთად გადაჭრას და საერთო ღირებულებების მქონე უნივერსიტეტების თანამშრომლობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
საბაუნი 2018 წლიდან არის ფედერაციის წევრი. ამ დროიდან მოყოლებული საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობენ ფედერაციის სასწავლო გრანტით, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ ფედერაციის წევრ უნივერსიტეტებში ერთი სემესტრის მანძილზე სრული დაფინანსებით.