21მაი,2018
საბაუნის პროფესორი აკადემიური მობილობით KUL ში
მიმდინარე წლის 14-18 მაისს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ნაზიბროლა ჩინჩალაძე Erasmus+ პერსონალის მობილობით იმყოფებოდა იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KUL), რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პოლონელი სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
“ჩემთვის როგორც პროფესორისათვის Erasmus+ დაფინანსებით და საბაუნის წარდგინებით ორგანიზებული ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტი ქალაქ ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკურ უნივერსიტეტში იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მომეცა შესაძლებლობა წამეკითხა ლექციები რამოდენიმე თემაზე. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან ლექცია ეფექტური ოკუპაციის პოლიტიკის თემაზე. აუდიტორიაში ბევრი უკრაინელი სტუდენტი იყო, ამდენად, ჩვენ შევადარეთ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის მოვლენები და შევეცადეთ პასუხი გაგვეცა შეკითხვებზე, რომლებზეც ძნელია პასუხის გაცემა. სტუდენტების მიერ დასმული იყო შინაარსიანი და რეალური შეკითხვები ამ მიმართებით. აუდიტორიაში შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არის ძალის პრობლემა და ასევე საზოგადოების დაუდევრობისაც. შეხვედრებმა პოლონელ კოლეგებთან პროფესორ ვოიცეხ სტაშევსკისთან, პროფესორ კინგა სტასიაკთან და პროფესორ სვენსონთან სხვა მხრიდან დამანახა ჩემი მიდგომები გარკვეული საკითხებისადმი. ასეთი ვიზიტები, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა როგორც პროფესორის, ისე სტუდენტებისათვის”- საბაუნის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ნაზიბროლა ჩინჩალაძე.
ქალბატონი ნაზიბროლას ლექციებს ასევე ესწრებოდნენ KUL-ში სასწავლებლად წასული საბაუნის სტუდენტები, მაკა მოქია და ჯუნა ირიაული.
საბაუნი იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან Erasmus+ მობილობის პროექტებს 2015-2016 სასწავლო წლიდან წარმატებით ახორციელებს.