30მაი,2019
საბაუნის რექტორის და ვიცე რექტორის სამუშაო ვიზიტი ანტვერპენში
2019 წლის 16-18 მაისს საბაუნის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე და ვიცე რექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ანტვერპენის უნივერსიტეტში, (ბელგია) სადაც გაიმართა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის ( FUCE) გენერალური ასამბლეა მთავარი თემით „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“.
ორ დღიანი ასამბლეა სამი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველი ნაწილის თემა იყო „ევროპული სოციალური და პოლიტიკური განვითარება: მომავლის გამოწვევები“ სადაც მოხსენებები წაიკითხეს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სტივენ ვან ჰეკმა და ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ ვანდენბრუკმა.
სესიის მეორე ნაწილი მიეძღვნა ფედერაციის მიერ ახლად დაფუძნებული ინტერდისციპლინური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“ განხილვას. პროგრამის ხელმძღვანელმა, ანტვერპენის წმ. ეგნატეს სახელობის ცენტრის კოორდინატორმა და სასწავლო კურსების ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროგრამის პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია- განხილვა.
საგანმანათლებლო პროგრამის დაფუძნებით ფედერაცია ეხმაურება პაპი ფრანცისკეს მიერ წამოჭრილ კითხვას „თუ რა მოუვიდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ ჰუმანისტ ევროპას“. შესაბამისად, ასამბლეაზე და საგანმანათლებლო პროგრამებში წამოწეულია შემდეგი პრობლემური საკითხები
„როგორ მოხდება იმ ღირებულებების რეინტეგრაცია, რომელსაც განიცდის ევროპული ჰუმანიზმი?
„რამდენად რელევანტურია ევროპული ჰუმანიზმი გლობალურ მსოფლიოსთან?“
„როგორ ვსწავლობთ ევროპულ ჰუმანიზმს და როგორ შეიძლება ისწავლებოდეს ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში?“
ასამბლეის მესამე ნაწილზე იმსჯელეს ევროპული ჰუმანიზმის მომავალზე, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს პირველი პრეზიდენტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი.
ასამბლეაზე ჩატარდა ფედერაციის პრეზიდენტის და ბორდის არჩევნები, რომლის მიხედვით მომავალ სამ წელს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ჩაიბარებს მაიკლ მიულენი, მეინუთის წმ. პატრიკის კოლეჯის პრეზიდენტი (ირლანდია).
„ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისში იტალიაში, ლუმსას უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საბაუნის ორი სტუდენტი: ხატია ხაფავა და მარიამ აბუაშვილი.
საბაუნი FUCE ს წევრი გასული წლის მაისში გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ასამბლეაზე გადაწყდა ასევე ფედერაციის მიერ დაწესებული სტიპენდიების მფლობელების საკითხიც, მიმდინარე წელს, საბაუნის სამი სტუდენტი მიიღებს სასწავლო გაცვლით სტიპენდიას და 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლის პარტნიორ უნივერსიტეტში (პოლონეთში).