25აპრ,2014
საბაუნის რექტორის დაჯილდოვება გერმანიაში
2014 წლის 25 აპრილს, გერმანიის ქალაქ ბონში პეტერ ჰიუნემანის ფონდმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვაჟა ვარდიძე. გერმანიის კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახურის (KAAD) ყოფილი პრეზიდენტის პეტერ ჰიუნემანის მიერ 2009 წელს დაარსდა მისივე სახელობის ფონდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად სამოქალაქო სექტორში და აკადემიური საქმიანობის სასარგებლოდ გაწეული განსაკურებული ღვაწლისა და დამსახურებების გამო აჯილდოებს ერთ პიროვნებას. 2013 წლის ჯილდო ერგო ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვაჟა ვარდიძეს, საქართველოში თეოლოგიური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ბატონი ვაჟა ვარდიძე წლების მანძილზე წარმოადგენს გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურს საქართველოში და ეხმარება ქართველ დამწყებ მეცნიერებს, მიიღონ დაფინანსება საზღვარგარეთის ქვეყნებში სწავლის გასაგრძელებლად თუ კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ბატონმა ვაჟამ დიდი შრომა გასწია სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.