
19ივლ,2023
საბაუნის სტუდენტი FUCE საზაფხულო სკოლაში
მიმდინარე წლის 3-7 ივლისს იტალიაში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, „ევროპული ჰუმანიზმის ჩამოყალიბების პროცესში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტმა, ბახვა ხარაიშვილმა.
საზაფხულო სკოლა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) ოგრანიზებით საბაუნის პარტნიორ ლუმსას უნივერსიტეტში, პალერმოში ჩატარდა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში საბაუნის სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა ლექციებსა და დისკუსიებს ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცა: ევროპული იდეის ინსტიტუციონალიზაცია, სოციალური სამართლიანობის ტრანსნაციონალური კონცეფცია და ლიტერატურული მემკვიდრეობის როლი ‘ევროპის ცხოვრების’ დინამიურობასთან მიმართებით.
„ძნელია რამდენიმე წინადადებით გადმოვცე კმაყოფილება. ოცამდე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განვიხილეთ ევროპის ახლანდელი გამოწვევები და ვისაუბრეთ ჰუმანიზმის დღევანდელ გაგებასა და მის ფორმირებაზე ევროპაში. მქონდა მოხსენება საქართველოს შესახებ, მის პოლიტიკურ და კულტურულ-შემოქმედებით საკითხზე, რაც ერთი მხრივ არის ეროვნული, და ამასთან, საერთო ევროპული ღირებულება. ცალკე აღსანიშნავია პალერმოსა და ჩეფალუს სანაპიროზე გატარებული დრო, იტალიური სამზარეულოსა და ღვინის გაცნობა, სიცილიური თავისებურებების, მათ შორის მაფიასთან ბრძოლას შეწირული მოსამართლეებისა და ამ ინსტიტუციურ გამოწვევაზე ბევრი დეტალის გაგება. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ბევრი საინტერესო, მოაზროვნე და ღირსეული ადამიანი გავიცანი სხვადასხვა ქვეყნიდან და შემდეგი შეხვედრაც შევათანხმეთ გაზაფხულზე ირლანდიაში. ეს იყო ნამდვილად დაუვიწყარი დღეები. მადლობა ჩემს უნივერსიტეტს“ - ბახვა ხარაიშვილი.
„ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“, ეს არის FUCE-ს მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა, რომელიც ყოველწლიურად იმართება პარტნიორ უნივერსიტეტებში, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობენ საბაუნის სტუდენტები.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტის ფედერაციაში 2018 წლის მაისში გაწევრიანდა. ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრული დაფინანსებით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და სასწავლო ვიზიტებში.