03ივლ,2026
საბაუნის წარმომადგენლები Erasmus+ პროექტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობდნენ
2026 წლის 11-15 მაისს, სლოვაკეთში, მატეი ბელის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „საზოგადოებრივი ჩართულობა და საზოგადოებრივი ჩართულობის სწავლება უმაღლეს განათლებაში“, რომელიც Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტის „საზოგადოებრივი ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო მომავალი ტრენერების მომზადება, რომლებიც საკუთარ უნივერსიტეტებში საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.
შეხვედრები პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოების ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა ერთობლივად იმუშავეს ტრენინგების სტრუქტურისა და შინაარსის შემუშავებაზე, ასევე განიხილეს საზოგადოებრივი ჩართულობის სწავლებისა და განვითარების თანამედროვე მიდგომები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ბანსკა ბისტრიცას პენიტენციური დაწესებულება, სადაც გაეცნენ სტუდენტების ჩართულობის პრაქტიკას მსჯავრდებულთა მხარდაჭერის პროცესში. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური მუშაობის პროგრამის სტუდენტების საქმიანობას. ასევე გაიმართა შეხვედრა ხანდაზმულთა დღის ცენტრში, სადაც მონაწილეები გაეცნენ ცენტრის ფუნქციონირებას, ბენეფიციარების საჭიროებებსა და მატეი ბელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გამოცდილებას.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან ტრენინგში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი ცისია ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი შორენა პარუნაშვილი.
პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოებრივ განვითარებაში. ორწლიანი პროექტი აერთიანებს პარტნიორ უნივერსიტეტებს საქართველოდან, სიერა ლეონედან, ხორვატიიდანა და სლოვაკეთიდან, რაც მონაწილე ინსტიტუციებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.