
22თებ,2021
საბაუნიში საგაზაფხულო სემესტრი ონლაინ ფორმატში განახლდება
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სწავლების საუკეთესო და სტუდენტებზე მორგებული ფორმატის დადგენის მიზნით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა ონლაინ და სატელეფონო გამოკითხვა.
სტუდენტებთან კონსულტაციის, გამოკითხვის შედეგებსა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, 22 მარტს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საგაზაფხულო სემესტრი სწავლების შერეული ფორმატით დაიწყება.
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყება ონლაინ ფორმატში.
- ონლაინ სწავლების პარალელურად, საბაკალავრო პროგრამების პრაქტიკული კურსები ჩატარდება ადგილზეც, აუდიტორიებში. შესაბამისად, უფროსკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ, აირჩიონ სწავლის ონლაინ ან არადისტანციური ფორმა პრაქტიკულ კურსებთან მიმართებით.
- სამაგისტრო პროგრამებზე, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სასწავლო კურსები ჩატარდება ონლაინ, ხოლო შაბათ დღეს - ადგილზე, უნივერსიტეტში (შაბათ დღეს შემოთავაზებული სავალდებულო საგნები წაიკითხება ონლაინ ფორმითაც კვირის სხვა დღეებში).
სასწავლო ცხრილების შედგენასა და საგნების არჩევას განახორციელებენ ფაკულტეტები. სავალდებულო საგნებისა და ონლაინ კურსების ელექტრონული რეგისტრაცია წარიმართება ავტომატურ რეჟიმში, ხოლო არჩევითი საგნების - უნივერსიტეტში. ადგილზე ჩასატარებელი კურსების არჩევა მოხდება სტუდენტების სურვილისამებრ, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით.
დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმატისა და ცხრილების შესახებ სტუდენტებს მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ დეკანატებს.