
30ნოე,2018
საერთაშორისო კვირეული ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში
2018 წლის 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, შორენა პარუნაშვილი Erasmus+ KA107 პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა საერთაშორისო კვირეული პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით. საბაუნის გარდა კვირეულში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტები.
„კვირეულის მთავარი მიზანია კონსორციუმში მონაწილე უნივერსიტეტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. კვირეულის მანძილზე ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის უნივერსიტეტს და ეძლევა საშუალება საერთო ინტერესების მქონე უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივები განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირეულზე წარმოდგენილები ვიყავით ყველა უნივერსიტეტი პარტნიორი ქვეყნებიდან, რაც სამომავლოდ ერასმუს+ ის ფარგლებში თანამშრომლობის შანსებს ამცირებს, ვფიქრობ, მაინც ნაყოფიერი კვირა გამოვიდა, შევხვდი რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რომლებთანაც თანამშრომლობას ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ მალე, სტუდენტებს საინტერესო გაცვლით პროგრამებს შევთავაზებთ“ - შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთოებების განყოფილების უფროსი, ერასმუს+ პროგრამების კოორდინატორი.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ლუბლინის ისტორიული ნაწილი და ცებულაშის რეგიონალური მუზეუმი. გარდა ამისა, კვირეულის ბოლო დღეს მონაწილე უნივერსიტეტებს ჰქონდათ საშუალება მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაეკეთებინათ ერთგვარი გამოფენა, სადაც სტუდენტები გაეცვნენ უნივერსიტეტის სარეკლამო პროდუქციას და ასევე დააგემოვნეს ქვეყნისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული ნუგბარი.
აღნიშნულ უნივერსიტეტთან საბაუნი 2017 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ ფარგლებში.
გალერეა


