
19ივნ,2024
საერთაშორისო კვირეული მასარიკის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მასარიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, რომელსაც ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე 40-მდე მონაწილე ევროპის, აზიის და აფრიკის უნივერსიტეტებიდან.
„Erasmus+ პერსონალის მობილობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც აძლევს საშუალებას კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან და უნივერსიტეტიდან შეხვდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება. მარასიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო კვირეულმა ერთმანეთს შეგვახვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისების წარმომადგენლები და მოგვცა შესანიშნავი შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენს საქმიანობაზე, გაგვეზიარებინა წარმატებული მაგალითები და გაგვეგო სიახლეები ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. კვირეულის განმავლობაში შევხვდი წარმომადგენლებს, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, ასევე გავიცანი კოლეგები უცხო უნივერსიტეტებიდან, რომლებთანაც მქონდა საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსიები. ვისაუბრეთ ჩვენი უნივერსიტეტების შესახებ და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო და დროული იყო ეს შეხვედრა. ძალიან მიხარია, რომ საბაუნიში დასაქმებულ პერსონალს გვაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ მსგავს შეხვედრებში, გავეცნოთ ჩვენი უცხოელი კოლეგების საქმიანობას, გავაფართოოთ ჩვენი სანაცნობო წრე და დაბრუნების შემდეგ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ ჩვენი საქმე“ - შორენა პარუნაშვილი.
შორენა პარუნაშვილის მობილობა მასარიკის უნივერსიტეტში განხორციელდა მიმდინარე წლის 10-14 ივნისს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 (ICM) საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში.