
16ოქტ,2020
სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურად
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N778305 ბრძანებაში, 2020 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების (MES 6 20 0000992045) შესაბამისად, 19 ოქტომბრიდან თბილისში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ სწავლება დაიწყონ არადისტანციურ რეჟიმში. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპედიმდგომარეობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, სასურველია უნივერსიტეტებმა მხოლოდ აუცილებელი პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების შემცველი საგნები განახორციელონ ადგილზე, საუნივერსიტეტო სივრცეში, სხვა საგნების სწავლება კი კვლავაც ონლაინრეჟიმში წარიმართოს.
დაინფიცირების მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლის, ასევე, სხვა უნივერსიტეტების ერთიანი მიდგომის, სტუდენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით, საბაუნი აგრძელებს ონლაინრეჟიმში სწავლებას. ასეთი რეჟიმი შენარჩუნდება მინიმუმ მერვე კვირამდე (შუალედურ გამოცდებამდე). მისი გაგრძელება, ასევე, გამოცდების ჩატარების ფორმატი დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის სახელმწიფოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე (ამ ეტაპისთვის ივარაუდება შუალედური გამოცდების ადგილზე ჩატარება).
იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ სწავლის არადისტანციურ ფორმატში გაგრძელებას. საბაუნი გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!