
14მაი,2025
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ვიზიტი სოფიის უნივერსიტეტში
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და „აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ოქრომჭედლიშვილი Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სოფიის წმ. კლემენტი ოხრიდელის უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ივანემ სოფიის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა თემებზე: “ნატოში გაწევრიანება: ეროვნული მიზანი თუ სტრატეგიული საშუალება საქართველოსთვის? და „თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის დაკავშირება თავდაცვისბიუჯეტთან“.
ლექციების დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსა და თავდაცვის პოლიტიკის და სტრატეგიის საბიუჯეტო დაგეგმვასა და აღსრულებასთან შესაბამისობის გამოწვევებზე. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დიდი ინტერესი გამოავლინეს წარმოდგენილი თემების მიმართ.
ლექციების მიღმა საბაუნის პროფესორი შეხვდა ბულგარელ კოლეგებს, რომლებთანაც გამოცდილების გაზიარების მიღმა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე ერთობლივ პროექტებზე, საჯარო ლექციებსა და კვლევით პროექტებზე.
„ვფიქრობ, მობილობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც პიროვნული განვითარებისთვის, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის. სოფიის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტიური კომუნიკაცია პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ასოცირებულ პროფესორ ბორის პოპივანოვთან, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები – მათ შორის ერთობლივი კვლევითი პროექტები და სტუდენტური გაცვლითი პროგრამები. მობილობის ფარგლებში მიღებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაცნობიეროთ და გამოვიყენოთ ევროპული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო და აკადემიური პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს საბაუნის საერთაშორისო ინტეგრაციას. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო სტუდენტების აქტიური ჩართულობა დისკუსიებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ისეთი თემატური მიმართულებების აქტუალობასა და საჭიროებას, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“- ივანე ოქრომჭედლიშვილი.
აკადემიური პერსონალის მობილობა მიმდინარე წლის 22-28 აპრილს განხორციელდა.