13აგვ,2025
სტუდენტებმა გენდერული ძალადობის შესახებ ახალი ცოდნა შეიძინეს
28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, კახეთში, ევროპის საბჭოსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა. ღონისძიება - „მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამართლებრივი მექანიზმებით“ - მიზნად ისახავდა მომავალი იურისტების აღჭურვას იმ ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომლებიც აუცილებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის.
ინტენსიური პროგრამა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აერთიანებდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტი მონაწილეობდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ (სტამბოლის კონვენცია),, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა, ინტერსექციური დისკრიმინაცია და ძალადობის მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოება (SLAPP სარჩელები).
სტუდენტების შეფასებით, საზაფხულო სკოლა გამორჩეული იყო თავისი პრაქტიკული და ინტერაქციული ფორმატით. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პროგრამა მოიცავდა სრულიად ახალ თემებს, რომლებიც „უნივერსიტეტებში, როგორც წესი, არ ისწავლება“. სხვებმა ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგის ჩართულობის მნიშვნელობას ძალადობის ფორმების იდენტიფიცირების პროცესში და ჯგუფური სამუშაოების სიმრავლეს, რამაც მათ ერთმანეთთან დაახლოების საშუალება მისცა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შექმნილი მეგობრული გარემო სწავლის პროცესს ბევრად ეფექტიანს ხდიდა.
პროგრამის კულმინაცია იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის იმიტირებული პროცესი, რომელმაც სტუდენტებს საშუალება მისცა, მიღებული ცოდნა რეალისტურ გარემოში გამოეყენებინათ. „იმიტირებული პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან უნივერსიტეტში ამ მიმართულებით გამოცდილება არ მქონია,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა. ეს სავარჯიშო დაეხმარა მათ გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი მსჯელობისა და ადვოკატირების უნარების დახვეწაში.
საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ თავისი მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა: „ჩემს მომავალ საქმიანობაში ვეცდები ყოველთვის გამოვიყენო მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოსოციალურ საჭიროებებს. ამასთანავე, გამოძიების თუ სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში, ვეცდები სათანადო პატივისცემით და შესაბამისი კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით ვიკონტაქტო ძალადობაგამოვლილ ადამიანთან“.
სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები კვლავ განაგრძობენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობას. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ აკადემიური სტატიების მომზადებაში, რომლებიც უნივერსიტეტის სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.