
30ივნ,2023
ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, საბაუნის სტუმრობდა ტორუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, იოანნა პიეხოვიაკ-ლამპარსკა. მისი ვიზიტი, აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.
ერთკვირიანი მობილობის ფარგლებში ტორუნელი პროფესორი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს- თამარ ქობულაძესა და აკადემიური კვლევის, დაგეგმვის და განვითარების მენეჯერს-მზია ჯამაგიძეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული შესაძლებლოები უნივერსიტეტებს შორის თანამშრმლობის გაღრმავების მიზნით, ასევე ისაუბრეს ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
გარდა პერსონალური შეხვედრებისა, ვიზიტის პერიოდში პროფ. ლამპარსკა აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესშიც. საბაუნის სტუდენტებისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ“. ასევე, მისი მოდერატორობით გაიმართა მრგვალი მაგიდაც, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო რისკის ფორმირების ფაქტორებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრეთა სრული ჩართულობით მიმდინარეობდა.