
31მაი,2019
ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე
2019 წლის 30 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში არსებული პროფესიული განვითარების ცენტრის ეგიდითა და ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც ესწრებოდა თბილისის ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი. ტრენინგის პირველი ნაწილში ტრენერებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შესახებ, განსაკუთრებით აქცენტი გააკეთეს შემდეგ მეთოდებზე: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. ტრენინგის მეორე ნაწილი ჯგუფში მუშაობას დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები. ტრენინგს უძღვებოდნენ საბაუნის პროფესორები, ეკატერინე ნაცვლიშვილი და გვანცა აბდალაძე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროექტში და მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ მოდულისა და სახელმძღვანელოს შემუშავებაში.
ტრენინგ მოდული „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ შემუშავდა ერასმუს+ აქტივობა 2 ის პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“ ფარგლებში, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილია ვრცელი ინფორმაცია თითოეული მეთოდის შესახებ, ასევე საუკეთესო გამოცდილების მაგალითები თითოეულ მეთოდთან მიმართებით. გარდა ამისა, პროექტით დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალისათვის პროფესიული კუთხით საინტერესო და საჭირო ტრენინგების შეთავაზება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.
პროფესიული განვითარების ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის ტრენინგების შეთავაზებას, როგორც საბაუნის პერსონალის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის.