07სექ,2016
ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრის ORBIS პრეზენტაცია
2016 წლის 7 სექტემბერს, გაიმართა საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრის ORBIS პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის იტალიელი დამფუძნებელი ჯუზეპე პაზოტო, რექტორი პროფ. ვაჟა ვარდიძე, ცენტრის ხელმძღვანელი და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი მაია ჯიჯავა. ღონისძიებას ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.
ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ჯიჯავამ ისაუბრა ტურიზმის სფეროში კვლევის მნიშვნელობაზე. ტურიზმსა და მის გლობალურ განზომილებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრა საგანგებოდ გერმანიიდან ჩამოსულმა სტუმარმა, ტურიზმის ექსპერტთა და მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, რეგიონალური განვითარებისა და ტერიტორიული მოწყობის ინსტიტუტის EURAC -ის დირექტორმა, ტურიზმის კვლევის გერმანიის ასოციაციის პრეზიდენტმა, აიხშტატის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარალდ პეკლანერმა. განათლებაში ინოვაციურ მიდგომებსა და ტელემატური ტექნოლოგიების გამოყენების ახალ პერსპექტივებზე სიტყვით გამოვიდა პარტნიორი ორგანიზაციის „მინერვას“ დირექტორი, პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში საერთაშორისო ტელემატური ინსტიტუტის UNINETTUNO-ს ტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.
სკაიპის საშუალებით ტურიზმის ახალ საზღვრებსა და ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრა რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის ROMA TRE -ს პროფესორმა, რექტორის დელეგატმა, ფაკულტეტის დეკანმა და იტალიის განათლების სამინისტროს დელეგატმა საუნივერსიტეტო კვლევებში ტურიზმსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში პროფ. მარინელა როკა ლონგომ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საფრანგეთის, ესპანეთის, უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, USAID მისიის დირექტორი, EBRD-ის წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტობის წარმოამდგენლები და სტუდენტები.
ORBIS-ის მიზანია, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცეს, შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა ტურიზმის სფეროში ტრენინგებისა და სიმულაციური მეთოდების გამოყენებით. ცენტრის ბაზაზე, საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები.
ცენტრის პარტნიორია ქართულ-იტალიური არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვაში.