24მაი,2015
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბაზის ბანკთან
2015 წლის 24 აპრილს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება ბაზისბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს: მხარეების თანამშრომლობას განათლების სფეროში, ერთობლივ პროექტებს, ასევე სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკას ბაზისბანკში. თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკი უნივერსიტეტის 5 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს დააფინანსებს ყოველთვიური სემესტრული სტიპენდიით.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ბაზისბანკს თანამშრობლობისა და წარჩინებულ სტუდენტთა წახალისებისთვის. სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის იტალიელი დამფუძნებელი, ჯუზეპე პაზოტო, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს, კარგი მუშაობისათვის და ბაზისბანკს განათლების მხარდაჭერისათვის: „მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის იმყოფებიან ბაზისბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კულტურა და განათლება არის მნიშვნელოვანი საქმე და ამაში ფულს დებენ. მადლობა ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიც თავადაც აფინანსებს სტუდენტებს. ეს ნიშნავს მომავლისაკენ ყურებას და მომავალი საქართველოს აშენებას. მოხარული ვარ ასევე იმის გამო, რომ არსებობენ სტუდენტები, რომელთაც დაიმსახურეს სტიპენდიები. ის ფაქტი, რომ სტუდენტებმა ღირსეულად მოიპოვეს სტიპენდიები, უნივერსიტეტის კარგად მუშაობაზე მიუთითებს. ბოლოს, მინდა უნივერსიტეტს, ბაზისბანკსა და სტუდენტებს ვუსურვო წარმატება, რაც ჩემთვის ნიშნავს უფრო სამართლიანი და ლამაზი სამყაროს შენებას“.
საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის მზაობაზე ისაუბრა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ: „ბაზისბანკი უკვე შვიდი წელია რაც აქტიურად აფინანსებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ჩვენ გვაქვს განათლების ფონდი, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ამ უნივერსიტეტის წარჩინებულებს მივცეთ კიდევ ერთი სტიმული, მცირეოდენი, თუმცა მნიშვნელოვანი სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ კარიერის ჩამოყალიბებაში. ჩვენ გვჭირდება ბევრი პროფესიონალი. საქართველოში ბევრი პროცესი მიდის წინ და ეკონომიკა ვითარდება, და ეს განვითარება შეუძლებელი იქნება პროფესიონალების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი პროფესიონალი გაიზრდება ამ სასწავლებელში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, არა მხოლოდ სტიპენდიებით შევუწყოთ მათ ხელი, არამედ მათი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს დაწესებულებაში და ჩვენი გუნდი გაძლიერდეს წარჩინებული სტუდენტებით“.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი