15ნოე,2022
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“
15 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პროფესორებმა და დოქტორანტებმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ წარმომადგენლები შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან: პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი), კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი), სარაგოსას უნივერსიტეტი (ესპანეთი), VID უნივერსიტეტი (ნორვეგია).
კონფერენციის მთავარ თემა იყო „სამართალი და უსაფრთხოება რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მსოფლიოში“. მოხსენებები დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: „საგანგებო რეგულაციები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო“, „რუსეთ უკრაინის ომის გავლენა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მოწყობაზე“, “სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა არამატერიალურ კიბერშეტევაზე საერთაშორისო სამართალში” „პარტიული სისტემა საქართველოში - ღირებულებები და ნაკლოვანებები“, „კეთილდღეობისა და ბედნიერების სამართლებრივი გაგება“ და სხვ.
საერთაშორისო კონფერენცია ინტერაქციულ გარემოში, მონაწილეების სრული ჩართულობით წარიმართა. შეხვედრას თან ახლდა დისკუსია მომხსენებლებს შორის.
საერთაშორისო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“ პირველად 2018 წელს ჩატარდა და მას შემდეგ საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.