24აპრ,2018
ვიზიტი ვალადოლიდის უნივერსიტეტში
16-20 აპრილს საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი, შორენა პარუნაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთის, ვალადოლიდის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ ის KA107 ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულში, სადაც მონაწილეობდა 33 უნივერსიტეტის 50-მდე წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ძირითადად ლათინური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და შუა აზიიდან. კვირეულის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.
16 აპრილს, კვირეულის მონაწილეებს მიესალმა ვალადოლიდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ქალბატონი მარ ფერნანდესი, რომელმაც დამსწრეებს მოკლედ გააცნო ვალადოლიდის უნივერსიტეტი. დღის მეორე ნაწილი დაეთმო პანელების სესიას, სადაც მონაწილე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ინფორმაციები გაცვალეს საკუთარი უნივერსიტეტების შესახებ.
კვირეულის მეორე დღე, 17 აპრილი დაეთმო მიმდინარე პროექტზე ვორქშოპს, სადაც ვალადოლიდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თანამშრომლებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე და პროექტის მონაწილეებთან ერთად განიხილეს პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. დღის მეორე ნაწილი დაეთმო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას. საბაუნის წარმომადგენელი შეხვდა ვალადოლიდის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც ისაუბრეს ვალადოლიდის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ინგლისურენოვან საერთაშორისო ვაჭრობის პროგრამის შესახებ. აღნიშნული პროგრამა საინტერესოა საბაუნისათვის, ვინაიდან მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის ორი სტუდენტი გაემგზავრება სწორედ ამ პროგრამაზე სასწავლებლად.
18 აპრილს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, როგორც ერასმუს+, ასევე მის გარეთაც. კვირეულის მონაწილეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ქალაქ ვალადოლიდის მერს, რომელმაც გულთბილად მიიღო თავის რეზიდენციაში და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო მონაწილეებთან. დღის დარჩენილი ნაწილი კი დაეთმო ვალადოლიდის სკულპტურის ნაციონალური მუზეუმის მონახულებას, სადაც შემონახულია კასტილიის რეგიონის სკულპტურები შუა საუკუნეებიდან 19 საუკუნის ჩათვლით.
კვირეულის პროგრამის მიხედვით მეოთხე დღე დაეთმო ვალადოლიდის უნივერსიტეტის სეგოვიას ფილიალში ვიზიტს და ქალაქ სეგოვიას ტურს გიდის თანხლებით.
20 აპრილს, შეხვედრის დასკვნით დღეს, გაიმართა კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეებს გადაეცათ დასწრების დიპლომები, ხოლო კვირეულის დასასრულს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებული ესპანური ტრადიციული სიმღერები.
ვალადოლიდის უნივერსიტეტი ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა მე-13 საუკუნეში. ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლობს 25 217 სტუდენტი. საბაუნი ვალადოლიდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2017-2018 სასწავლო წლიდან Erasmus+ KA107 პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისა და სტაფის მობილობას.