03ივლ,2026
განვითარების კვლევების მე- 8 საერთაშორისო კონფერენცია
25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა განვითარების კვლევების მე-8 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები“. კონფერენცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ყოველწიურად ტარდება.
იგი მიზნად ისახავს თანამედროვე გლობალური გამოწვევების აკადემიურ ანალიზს,ინოვაციური მიდგომების განხილვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული გამოსვლები,თემატური სესიები და პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის,განათლების ეკოსისტემების, უსაფრთხოების, ენერგეტიკული ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური განვითარების აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიური წრეებისა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ალჟირიდან და იამაიკიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღონისძიების საერთაშორისო მასშტაბსა და მნიშვნელობას. კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრების, პროფესორებისა და პრაქტიკოსებისათვის ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი ხედვების გაზიარების მიმართულებით.
წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტრანსფორმაციების პირობებში მდგრადი განვითარების ხელშემწყობ ინსტიტუციურ და ინოვაციურ მექანიზმებს. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მომხსენებელს, მონაწილეს, მოდერატორსა და პარტნიორს კონფერენციაში ჩართულობისა და ღირებული აკადემიური წვლილისათვის და მომავალშიც აგრძელებს საერთაშორისო აკადემიური დიალოგისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას.