26ივლ,2023
ონლაინ საზაფხულო სკოლა “სოლიდარობა“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ანი კვინიკაძემ და ნინო ჭაღალიძემ მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერსიტეტის, კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საზაფხულო სკოლაში, რომლის თემატიკაც იყო „სოლიდარობის საზაფხულო სკოლა“ და მიმდინარე წლის 10-14 ივლისს ჩატარდა.
„სოლიდარობის საზაფხულო სკოლა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. პროექტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა გამეცნო უამრავი საინტერესო და განსხვავებული ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც პროექტის ფარგლებში არსებულ დისკუსიებს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდიდა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მომეცა შესაძლებლობა უკეთ გამეაზრებინა სოლიდარობის მოძრაობის მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც და შემეფასებინა მოძრაობის არსი, არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფილოსოფიური თვალსაზრისითაც“ - ნინო ჭაღალიძე.
„სოლიდარობის საზაფხულო ონლაინ სკოლა ორგანიზებული იყო იოანე პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტის, ფილოსოფიის ფაკულტეტის მიერ. აღნიშნული სკოლა მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოსაც და მიხარია, რომ იმ 50 მონაწილეს შორის მოვხვდი, ვისაც შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორების ლექცია-სემინარებს. სკოლის ფარგლებში განვიხილეთ პოლონური ფონდის სოლიდარობის ისტორიული საფუძვლები და მისი ზეგავლენა სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საინტერესო იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შემუშავებული სტანდარტებისა და კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობის სოლიდარობის ჭრილში განხილვა. პროექტი იყო ორმაგად საინტერესო, ვინაიდან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთსა და იმავე საკითხზე, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას ვუზიარებდით, რამაც წინ წამოწია ის პრობლემები, რის წინაშეც თანამედრივე მსოფლიო დგას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, რომელიც აქტიურად აცნობს სტუდენტებს სხვადასხვა პროექტების შესახებ“ - ანი კვინიკაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და იოანე პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი 2014 წლიდან თანამშრომლობენ სხვადსხვა პროექტის ფარგლებში.