24ივლ,2026
Job Shadowing პროგრამა კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტთან
გამოცდილების გაზიარება და სამუშაოზე დაკვირვება იყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის (Katho) ერთობლივი პროექტის მთავარი თემა, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს ორ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე, 2025 წლის სექტემბერში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კანცლერი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ერთი კვირით სტუმრობდნენ კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტს, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართეს გერმანელ კოლეგებთან.
პროექტის მეორე ეტაპზე, გერმანელი კოლეგები იმავე სტრუქტურული ერთეულებიდან ესტუმრნენ საბაუნის და ამჯერად საბაუნიში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც საბაუნის პერსონალმა ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვების ფორმატში გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სტუმრებს. გერმანელი სტუმრები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს და მოკლე პრეზენტაციით გააცნეს კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტი.
„კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე მეორედ განხორციელდა ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში. ორივე ვიზიტი აკმაყოფილებდა დასახულ მიზნებს და სასარგებლო იყო მხარეებისთვის. სამუშაო შეხვედრისას მოხდა პროფესიული ცოდნის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შედგა დისკუსიები განსხვავებულ ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ერთ კვირიანმა ინტენსიურმა სამუშაო შეხვედრებმა და კულტურულმა პროგრამამ კიდევ უფრო გააძლიერა ორ ინსტიტუციას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები“ - ნათია შეყილაძე, უნივერსიტეტის კანცლერი.
„katho-ს დელეგაციის მასპინძლობა ჩემთვის ძალიან ღირებული გამოცდილება იყო. ადამიანური რესურსების მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაზიარებამ და ღია დიალოგმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, ერთმანეთისგან სწავლა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა უნივერსიტეტებს შორის“- ლალიკო ვაჩაბერიძე, ადამიანური რესურსების მენეჯერი.
კვირის ბოლოს მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტი, გამოკვეთეს ის სიახლეები და საინტერესო მიდგომები, რომლებიც ამ შეხვედრების დროს გამოიკვეთა და ასევე, დასახეს სამომავლო გეგმები უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
პროექტები სამუშაო გამოცდილების გარდა მიზნად ისახავდა კულტურული გამოცდილების გაზიარებასა და გაცნობას. სტუმრებმა მოინახულეს თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები და დაესწრნენ უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს. გერმანელი სტუმრები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ 6-12 ივნისს.