
03ივნ,2025
მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამართლებრივი მექანიზმებით
28 ივლისი - 1 აგვისტო, 2025 | თბილისის გარეთ, საქართველო
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან ერთად, იწვევს სამართლის სტუდენტებს, კერძოდ, ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს (აპლიკაციის შევსების დროს), 2025 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ხუთ-დღიანი საზაფხულო სკოლის პროგრამის მიზანია მომავალი იურისტების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
საზაფხულო სკოლის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოებს, განსაკუთრებული აქცენტით სტამბოლის კონვენციაზე, და განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი, ტექნოლოგიების გამოყენებით ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობა, SLAPP საქმეები, და ინტერსექციური დისკრიმინაცია. პროგრამა მოიცავს სფეროში მოქმედი ექსპერტების სესიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესს და ტრენინგის შემდგომ შესაძლებლობებს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 16 ივნისი 2025 (23:59 თბილისის დროით)
განაცხადები მიიღება შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Genderequality.georgia@coe.int
საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის “გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.