
10აპრ,2025
საბაუნის ლექტორების Erasmus+ მობილობა პოლონეთში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ნანი მანველიშვილი და ასისტენტი ირაკლი ნოდია Erasmus+KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით, პოლონეთში, კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
საბაუნის ლექტორებმა ვიზიტის ფარგლებში ლექციები ჩაატარეს პოლონელი სტუდენტებისთვის საბჭოთა პროპაგანდის და პოლონეთ-საქართველოს ურთიერთბების შესახებ. ლექციების მიღმა მათ საქმიანი შეხვედრები გამართეს მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის და რექტორის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე პოლონელ კოლეგებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა ერთობლივი პროექტების მიმართულებით. დაიგეგმა ერთობლივი ვორქშოპი პოლონეთში. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა.
„მობილობა ძალიან საინტერესო და სხვადასხვა გამოცდილებებით დატვირთული აღმოჩნდა. მობილობის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით კრაკოვის უნივერსიტეტის როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ პერსონალს. მათ დეტალურად გაგვაცნეს უნივერსიტეტის სპეციფიკა, ღირებულებები და მისია. გარდა ამისა, გვქონდა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა უნივერსიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკა და სხვა რესურსები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სწავლების პროცესში.
მობილობის პერიოდში განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუდენტებთან ჩატარებული ლექციები, რომელიც წარიმართა აქტიურ რეჟიმში. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა პოლონელ კოლეგებთან ერთად გვემსჯელა სამეცნიერო ინტერესების შესახებ, გაგვეზიარებინა ჩვენი შეხედულებები და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. მიღებული გამოცდილება შესაძლებელია დაინერგოს ყოველდღიური ლექციების დროს, გარდა ამისა, შეძენილი ახალი კონტაქტების დახმარებით, შესაძლებელი იქნება კოლეგების მოწვევა უნივერსიტეტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. ასევე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ახალი კულტურის, ხალხის, ტრადიციების გაცნობა. კრაკოვი განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.“ - ნანი მანველიშვილი.
„ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო იყო უნივერსიტეტში ჩატარებული შეხვედრები, როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან. გავაფართოვე სანაცნობო წრე და შევიძინე ახალი კონტაქტები. კოლეგებთან საუბრისას გამიჩნდა ერთობლივი პროექტის იდეა. მქონდა საშუალება გამეზიარებინა საკუთარი გამოცდილება კოლეგებთან, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში (სასწავლო / ადმინისტრაციული). ვარ უფრო მეტად მოტივირებული და მეტად ვაფასებ ჩემს საქმეს საბაუნიში“- ირაკლი ნოდია.
ნანი მანველიშვილის და ირაკლი ნოდიას მობილობა განხორციელდა 2025 წლის 10-14 მარტს. კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი გრძელვადიანი პარტნიორია, რომელთანაც უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.
გალერეა



