27ოქტ,2017
საბაუნის რექტორი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში
საბაუნის რექტორი, პროფესორი ვაჟა ვარდიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საით მიდის ევროპა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის მოწვეული მომხსენებლები: ევრო პარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი (ვიდეო ჩართვა), კონრად ადენაუერის ფონდის პრეზიდენტი და ევრო პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი ჰანს გერტ პოტერინგი, ევრო პარლამენტის წევრი,
ევროპარლამენტში პოლონური ჯგუფის თანათავმჯდომარე იანუშ ლევადონსკი, ლუქსემბურგის რობერტ შუმანის ფონდის პრეზიდენტი რია ოომენ რუიტენი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი და მადრიდის კლუბის პრეზიდენტი პროფ. ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, წმ. საყდრის სამოციქულო დესპანი პოლონეთში, მთავარეპისკოპოსი სალვატორე პენნაკიო, წმ. საყდრის სახელმწიფოთა ურთიერთობის განყოფილების მდივანი მეუფე ანტუან კამილერი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი , ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ელმარ ბროკი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ხალხთა ფრონტის თავმჯდომარე არსენ იაცენუკი და სხვები.
კონფერენცია წარიმართა ოთხ სესიად.
პირველი სესიის თემა იყო ლიდერობა - მომხსენებლებმა ისაუბრეს სჭირდება თუ არა ევროპას ძლიერი ლიდერები. მეორე სესია მიძღვნა იდენტობას და საუბარი წარიმართა მთავარი კითხვის ირგვლივ - ევროპა დაიცავს ქრისტიანობაზე დაფუძნებულ თავის იდენტობას? მესამე სესიის თემა იყო მომავალი და განხილული იყო ევროპის კრიზისის გადალახვის გზები, ხოლო მეოთხე სესია ერთობას დაეთმო და აქცენტი ბრექსიტსა და მის შედეგებზე გაკეთდა.
საბაუნის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე მონაწილეობდა მეორე სესიაში. მან საუბრისას აქცენტი გააკეთა ევროპული იდენტობის საკითხზე და ხაზი გაუსვა მის სტრუქტურულ და შინაარსობრივ მრავალფეროვნებას.
აღნიშნული კონფერენცია გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციათა ციკლის ფარგლებში „კათოლიკე ეკლესიის როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, რომელშიც პროფ. ვარდიძე მესამედ ღებულობს მასში მონაწილეობას. წელს კონფერენციას ასევე ესწრებოდა საბაუნის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ცხადაძე.
კონფერენცია ორგანიზებულია საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტის, კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკალური უნივერსიტეტის, კონრად ადენაუერის ფონდისა და ლუქსემბურგის რობერტ შუმანის ფონდის მიერ.
პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საბაუნის რექტორმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო 26-27 ოქტომბერს ქალაქ ბიდგოშჩის კუჟავო-პომოროჟეს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ რიგით მერვე კონფერენციაში, რომელიც კონგრესის „ერთი სამყარო - მრავალი კულტურა“ ფარგლებში გაიმართა. პროფ. ვაჟა ვარდიძე კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით,”საქართველოს მრავალკულტურული იდენტობა. ეპოქალური ცვლილებები და კრიზისის დაძლევა“, რომლის დროსაც აქცენტი გააკეთა ეროვნული ცნობიერების რეორიენტაციასა და კრიზისის დაძლევის გზებზე.
აღნიშნული კონგრესი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 26 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ასევე მოწვეული სტუმრები, მათ შორის აღსანიშნავია: ფედერიკო ლომბარდი - წმ. საყდრის ბენედიქტე XVI ის (იოსებ რაცინგერის) ფონდის ხელმძღვანელი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი, დოქტორი იაროსლავ გოვინი, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის ყოფილი პრეზიდენტი, პოზნანის მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი სტანისლავ გადეცკი, რომელსაც გადაეცა უნივერსიტეტის Honoris causa, ასევე, კუიავო - პომოროჟეს რეგიონის ხელმძღვანელი, პიოტრ კალბეცკი და ქალაქის მერი რაფალ ბრუსკი.
ყოველწლიური კონგრესი 2010 წელს დაფუძნდა, მისი მიზანია ინტერკულტურული დიალოგის სიღრმისეული გააზრება და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის, (კულტურისტები, ეკონომისტები, იურისტები, პედაგოგები, თეოლოგები, პოლიტიკურ მეცნიერებების წარმომადგენლები, სოციოლოგები, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები) თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლა.