12ივლ,2023
საბაუნის სტუდენტები ხორვატიის საზაფხულო სკოლაში
მიმდინარე წელს, 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ შიბენიკში ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე “გამძლეობის ვარჯიში - მზადება აღდგენისთვის“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის მზადება, რომელშიც საბაუნის ორმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ აკადემიურ ღონისძიებებს, ასევე ჩართულიყვნენ კულტურულ, სოციალურ, და სპორტულ აქტივობებში.
„ათი დღის განმავლობაში აქტიურად ვესწრებოდით ლექციებს, სხვადასხვა ვორქშოპებსა და აქტივობებს, რომლის ძირითადი თემებიც დაკავშირებული იყო გამძლეობასთან და ომის შემდგომ აღდგენასთან. საზაფხულო სკოლა განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის იქიდან გამომდინარე რომ ის ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ თეორიულ სწავლებაზე, არამედ მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი ჰქონდა პრაქტიკულ და გამოყენებად აქტივობებს. მნიშვნელოვანი იყო, რომ გვქონდა საშუალება გაგვეზიარებინა საქართველოს წარსული მძიმე გამოცდილებები, პირადი ისტორიები ომის შემდგომი ტრავმების შესახებ და პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისგან მიგვეღო რჩევები“ - თამარ ზაქროშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება ეს საზაფხულო სკოლაა, რომელიც ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული და ინტენსიური პროგრამა იყო, ძალიან ბევრი სახალისო და პოზიტიური მოგონება დამრჩა. აღფრთოვანებული დავრჩი ხორვატიელი ხალხით, ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტითა და მისი პერსონალით. ძალიან ბევრი საინტერესო ლექცია და სამუშაო შეხვედრები გვქონდა. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ, რაც ადამიანებმა შეიძლება გაუკეთონ ერთმანეთს ეს მიმღებლობაა და ამ მიმღებლობის საუკეთესო გამოვლინება ხორვატიელი ხალხი და ხორვატიის უნივერსიტეტია. მადლობა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს და ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელს იმისთვის, რომ მუდამ ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ“ - ცისია ოქროპირიძე, სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტების - ნოტრ დამის უნივერსიტეტი (აშშ), ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ. საზაფხულო სკოლა პირველად გასულ წელს ჩატარდა კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები ამერიკიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და ხორვატიიდან.