17აპრ,2026
საბაუნის წარმომადგენლების ვიზიტი ტარგოვიშტეში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი და ასისტენტი, გურამ ლურსმანაშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით რუმინეთში, ვალაჰია ტარგოვიშტეს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.
საბაუნის წარმომადგენლებმა მასპინძელი უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად გამართეს მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრა თემაზე „საქართველოს ეკლესია მე-19 მე-20 საუკუნეებში“ სადაც განიხილეს საქართველოს მართლადიდებელი ეკლესიის განვითარების ისტორიული და თეოლოგიური ასპექტები პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციის კონტექსტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ თეოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, რომლებიც დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიაში.
საბაუნის წარმომადგენლებს უმასპინძლეს ვალაჰიას უნივერსიტეტის პრორექტორებმა პროფესორმა მარიან ვალციუმ და პროფესორმა ჰენრი კოანდამ. ასევე, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სტეფან ფლორეამ და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებმა.
შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებაზე. ასევე, სურვილი გამოითქვა სადოქტორო ნაშრომების თანახელმძღვანელობასა და Erasmus+ პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„მქონდა შეხვედრები პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებთანაც განვიხილეთ სამომავლო ერთობლივი შესაძლო პროექტები, მათი თანამშრომლობა ჩვენს ჟურნალთან "დიალოგი". ასევე სურვილი გამოვთქვით ხელი შევუწყოთ ჩვენი აკადემიური პერსონალის ჩართულობას ჩვენი უნივერსიტეტების მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში“- გოჩა ბარნოვი.
ვიზიტის ფარგლებში საბაუნის წარმომადგენლებს უმასპინძლა ტარგოვიშტეს მთავარეპისკოპოსმა, მისმა უწმინდესობა მიტროპოლიტმა ნიფონმა, რომელთან საუბარშიც ხაზი გაესვა ეკლესიისა და საუნივერსიტეტო გარემოს მნიშვნელობას ახალი თაობის ერთიანობის სულისკვეთებით, სოლიდარობის, მშვიდობისა და ხალხთა შორის თანამშრომლობის სულისკვეთების ჩამოყალიბების საქმეში.
საბაუნის წარმომადგენლების ვიზიტი Erasmus+ Ka171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მიმდინარე წლის 9 -13 მარტს.