16მაი,2024
საბაუნის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის (CUP)“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა პარტნიორობის 20 წლის იუბილეს. მიმდინარე წლის კონფერენციის თემა იყო „მეგობრობიდან ინსტიტუციურ განვითარებამდე - კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის 20 წელი“ და გაიმართა ზაგრებში, ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
9-11 მაისს დაგეგმილი კონფერენცია მრგვალი მაგიდის და პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა შეაფასეს კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის ოცწლიანი საქმიანობა, ისაუბრეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გამოწვევებსა და უნივერსიტეტების პერსპექტივებზე, განიხილეს ინსტიტუტციებში არსებული კრიზისების დაძლევის გზები და პარტნიორობის გამოუყენებელი პოტენციალი უკეთ ათვისების გზები. ცალკე იყო გამოყოფილი სტუდენტური პანელი, სადაც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა ისაუბრეს სტუდენტების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეფიქსირებინა ჩვენი საჭიროებები, გამოწვევები და პერსპექტივები. ჩემი მოხსენების ფარგლებში, ყურადღება გავამახვილე გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, კლვევებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც პროფესორებთან ერთად სტუდენტების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ სწორედ ეს მრავალფეროვანი ხედვები და იდეების გაზიარება, მეტად აფიქრებს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მატებს მოტივაციას, აძლევს შესაძლებლობას სხვა თვალით დაინახონ მიმდინარე მოვლენები და იყვნენ მეტად ჩართულები“ - ალბინა აღაპიშვილი.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, მონაწილეობა მიმეღო კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. გავიცანი თავის საქმის პროფესიონალი პროფესორები ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებთანაც ვისაუბრე არაერთ აქტუალურ საკითხზე, როგორც სტუდენტის, ისე ქართველის გადმოსახედიდან. ჩემი მოხსენება ეხებოდა სტუდენტურ გამოწვევებს, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გავამახვილე, არა მხოლოდ CUP-ის წევრ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ დასახულ მისიაზე, იყოს გამორჩეული ევროპული, კათოლიკური და დემოკრატიული ღირებულებების მატრებელი უნივერსიტეტი, რომელსაც, ვფიქრობ, პირნათლად ასრულებს" - ელენე სიდამონიძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან CUP-ის კონფერენციას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. ვაჟა ვარდიძე, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ალბინა აღაპიშვილი და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ელენე სიდამონიძე.
კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობა (CUP) დაფუძნდა 2004 წელს ნოტრ დამის უნივერსიტეტის ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების დახმარებას და მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში იმართება პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური შეხვედრები და კონფერენციები, რომლებიც ეძღვნება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა CUP-ის კონფერენციას 2022 წლის მაისში უმასპინძლა.
ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღონ ნანოვიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ლიდერობის ორკვირიან ტრენინგებში სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, საბაუნის პროფესორები ყოველწლიურად სარგებლობენ ერთთვიანი კვლევითი გრანტით ამავე უნივერსიტეტში.