
21ივლ,2023
საბაუნის ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში ისწავლა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა, თორნიკე ძირკველიშვილმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ისწავლა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ საბაუნი როგორც უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა გაცვლითი პროგრამების სიმრავლით და შესაძლებლობებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და განსაკუთრებით ლექტორებს, რომლებმაც იმ დონის განათლება მომცეს 3 სასწავლო წლის განმავლობაში, რომ შემდეგ უცხოეთში სწავლისას სერიოზული სიძნელე არ შემქმნია.
ლილი, საფრანგეთის არც ისე დიდი, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი და ცოცხალი ქალაქია, განსაკუთრებით სტუდენტური ცხოვრების მხრივ. ქალაქი აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან სასწავლებლად ჩასულ სტუდენტს. საფრანგეთში სტუდენტური აქტივობები არის ძალიან მრავლად, ლილის უნივერსიტეტი და ერასმუსი თანაბრად ზრუნავდნენ იმაზე, რომ სწავლის ყოველი კვირა ყოფილიყო სახალისო და შემეცნებითი, ეწყობოდა საღამოები, ლაშქრობები, სპორტული ღონისძიებები და გვაძლევდა საშუალებას მაქსიმალურად მიგვეღო დადებითი ემოციები.
მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ იყო საგნების ფართო არჩევანი, ჩემი ჩასვლიდან ერთი თვის მანძილზე შემეძლო დავსწრებოდი რამდენიმე საგანს, გადამეწყვიტა მომწონდა და მსურდა თუ არა ამეღო ეს კონკრეტული. ასევე, ძალიან სასიხარულო არის ის რომ გავიცანი ბევრი განსხვავებული კულტურის და ეროვნების ადამიანი, რამაც ჩემი ინგლისურის ცოდნა უფრო გამიღრმავა, ჩემი მსოფლმხედველობა უფრო გაზარდა და მეტად კომუნიკაბელური გავხდი. მქონდა საშუალება მემოგზაურა ბელგიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ნიდერლანდებში, გერმანიაში და ასევე პარიზში.
იმედი მაქვს ბევრი სტუდენტი იქნება მოტივირებული მიიღოს მონაწილეობა ერასმუსსა თუ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, რადგან ამ პროგრამამ მე მეტად დამოუკიდებელი, წინდახედული გამხადა, საშუალება მომცა უკეთ დამეგეგმა მომავალი და რაც მთავარია გამეცნო მსოფლიო“ - თორნიკე ძირკველიშვილი.