16მაი,2023
საერთაშორისო კვირეული სალამანკაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფ. დიმიტრი გეგენავამ და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათზე მეტი უნივერსიტეტის ორმოცდაათამდე წარმომადგენელი. კვირეულის თემა იყო ინტერნაციონალიზაცია და ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები:
- ინტერნაციონალიზაცია შინ
- კურიკულუმების ინტერნაციონალიზაცია
- მოკლე ვადიანი მობილობები და ე.წ. blended Mobility
- საერთაშორისო სტუდენტებისა და პროფესორების ინტეგრაცია
- სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში
კვირეული ითვალისწინებდა როგორც ინდივიდუალურ პრეზენტაციებს, ასევე ჯგუფურ მუშაობებსა და ვორქშოპებს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მშობლიური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკაზე, უცხოელ კოლეგებთან გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და განეხილათ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სიახლეები. გარდა ამისა, კვირეული მიზნად ისახავდა სხვადასხვა უნივერსიტეტების გაცნობა-დაახლოებას და სამომავლო პარტნიორობის წახალისებას.
საერთაშორისო კვირეული მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ჩატარდა ქალაქ სალამანკაში (ესპანეთი), რომელშიც საბაუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ Erasmus+ ICM პერსონალის მობილობის პროგრამით. საბაუნისა და სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტისათვის ეს ღონისძიება აქტიური თანამშრომლობის დასაწყისია. შემოდგომის სემესტრისთვის დაგეგმილია საბაუნის სტუდენტებისათვის სალამანკას უნივერსიტეტში ერთ სემესტრიანი მობილობა.