03ივლ,2026
საჯარო ლექცია - კადრს მიღმა: ბავშვები, გაჯეტები და დედების გამოწვევები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „კადრს მიღმა: ბავშვები, გაჯეტები და დედების გამოწვევები“, რომელსაც უძღვებოდა ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი, ზანდა ჩეჩელაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ეკრანის როლზე თანამედროვე ცხოვრებაში, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის, და განიხილა მისი გამოყენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები.
ლექციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებაზე, ეკრანთან გატარებული დროის მართვის მნიშვნელობაზე და იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობისა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენების ხელშეწყობაში დაეხმარება.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები შვილებისთვის ეკრანთან და ეკრანის გარეშე გატარებული დროის ბალანსის დაცვის შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტის „საზოგადოებრივი ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ ფარგლებში. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.