
09მაი,2023
სამართლის ფაკულტეტის დეკანის Erasmus+ მობილობა კადისის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
ერთკვირიანი მობილობის ფარგლებში საბაუნის პროფესორმა ლექციები და სემინარები ჩაატარა უცხოელი სტუდენტებისთვის. ლექციების თემატიკა ეხებოდა ქართული კონსტიტუციონალიზმის იდენტობას ევროპულ კონსტიტუტიონალიზმთან მიმართებაში, აგრეთვე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს და მის შედეგებს. გარდა ამისა, მობილობის პერიოდში გიორგი გორაძე შეხვდა კადისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროგრამის ხელმძღვანელსა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს.
„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი საერთო პროექტი დავგეგმეთ სამომავლოდ. ამ მიზნით დეკანთან შევთანხმდით, გავცვალოთ ჩვენი ლექტორების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც აქვთ საერთაშორისო თანამშრომლობის სურვილი. მათ ვესაუბრე სწავლების ჩვენეული მიდგომების შესახებ, რაც ძალიან მოეწონათ და ბევრმა მითხრა, რომ მიუხედავად მცდელობისა, ჯერ ასეთი რამ (იგულისხმება პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება) ვერ დანერგეს. შესაბამისად, საბაუნი მათთვის გახდა ერთგვარი „ხარისხის ნიშანი“- გიორგი გორაძე.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად კადისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მოწვეულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ჟურნალის Orbeliani Law Review რეცენზენტებად. გარდა ამისა, საბაუნი კადისის უნივერსიტეტთან ერთად ჩაერთვება ჟან მონეს პროექტში, აქტიური თანამშრომლობის პირობებში იგეგმება სხვა არაერთი კვლევითი პროექტის განხორციელება.