
19მარ,2025
სამართლის კლინიკის ხელმძღვანელის აკადემიური მობილობა კადისის უნივერსიტეტში
ქეთევან ბახტაძე, საბაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით ესპანეთში, კადისის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის მანძილზე ქეთევან ბახტაძემ ლექციები ჩაატარა ადამიანის უფლებების მიმართულებით, კერძოდ: „ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები და ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება“, „ტრანსგენდერი მსხვერპლთა ტრავმის შესახებ ინფორმირებული იურიდიული დახმარება“ და „ბავშვის საუკეთესო ინტერესები ტრანსსასაზღვრო მეურვეობის წარმოებაში“. ლექციების მიღმა, ქეთი ბახტაძემ თითოეულ თემაზე მოამზადა რიდერები სტუდენტებისთვის.
„ეს მობილობა უპირველეს ყოვლისა ჩემი პროფესიული ცოდნისთვის იყო მნიშვნელოვანი, გაცილებით მეტად თავდაჯერებული ვარ მთელი რიგი მიმართულებით საქმიანობისთვის და შევიძინე ისეთი უნარები, რომელიც სულ გამომადგება აკადემიური საქმიანობისას. განსაკუთრებით საინტერესო, ალბათ, პრეზენტაციების ორენოვანი ვერსიების მომზადება იყო, რადგან მანამდე ასეთი გამოცდილება არ მქონია. თუ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა შედგა, დარწმუნებული ვარ, რომ სასარგებლო იქნება უპირველეს ყოვლისა სამართლის კლინიკისთვის, რადგან უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება გაცილებით ეფექტიანს გახდის კლინიკურ განათლებას.
ქეთი ბახტაძე ლექციების მიღმა შეხვდა ესპანელ კოლეგას, მარია სანჩესს, რომელთანაც შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, განსაკუთრებით სამართლის კლინიკებს შორის.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტის შედეგად დამყარდება ფორმალიზებული აკადემიური პარტნიორობა სულხან-საბა ორბელიანის და კადისის უნივერსიტეტებს შორის, რომელიც მოიცავს პედაგოგიური მეთოდოლოგიების ინსტიტუციონალიზაციას, ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკის პროტოკოლების დანერგვას კლინიკურ იურიდიულ განათლებაში, ერთობლივ კვლევით ინიციატივებს გენდერული მართლმსაჯულების სფეროში და სტუდენტთა კომპეტენციების განვითარებას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმების გამოყენებაში, რაც გაზომვადი იქნება სპეციფიკური ინდიკატორებით - ქეთი ბახტაძე“
ქეთი ბახტაძის მობილობა კადისის უნივერსიტეტში 2025 წლის 10-14 მარტს შედგა.
გალერეა

