
01მაი,2025
სამეწარმეო მარათონი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე 5 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ბიზნეს მარათონის პროექტს. ამ წლების განმავლობაში, პროექტში მონაწილეობა ასობით ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაგან მრავალი დღეს წარმატებული მეწარმე გახლავთ.
ფაკულტეტის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, პროექტი არა მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლების სფეროზე ახდენს გავლენას, არამედ აქტიურად ავრცელებს მეწარმეობის კულტურას სასკოლო განათლების დონეზეც.
24-25 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბური სამეწარმეო იდეების კონკურსი ჩაატარა.
წლევანდელი ბიზნეს მარათონი ტრადიციულად მასშტაბურად ჩატარდა და გააერთიანა 70 სკოლიდან 200-მდე მოტივირებული მოსწავლე — ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ინოვაციური იდეებითა და შემოქმედებითი ენერგიით ცდილობენ მომავლის შეცვლას.
კონკურსში მონაწილე სკოლის გუნდებმა განსხვავებული, სოციალურ საჭიროებებზე მორგებული და ტექნოლოგიურად გამართული ბიზნეს იდეები წარადგინეს. მონაწილე გუნდებმა წარმოაჩინეს, როგორც ტექნოლოგიური უნარები, ისე სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვის სურვილი.
გამოვლინდა რამდენიმე გამორჩეული პროექტი, რომელთაც საპრიზო ადგილები მიენიჭა:
პირველი ადგილი — ქ. გორის მე-4 საჯარო სკოლა
იდეა: Future Intelligent Teacher
ინოვაციური საგანმანათლებლო მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მანეკენსა და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს საბუნებისმეტყველო საგნების ეფექტური სწავლებისთვის. მოწყობილობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და ასწავლის ანატომიას შეხების პრინციპზე დაფუძნებული მეთოდით.
მეორე ადგილი — ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
იდეა: ინოვაციური თავგადასავლები
საგანმანათლებლო წიგნებისა და ექსპერიმენტების ნაკრები, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მარტივ და სახალისო ფორმატში აჯამებს. ინტერაქტიული დავალებები და მეცნიერული ცდები ხელს უწყობს ბავშვების კვლევითი უნარების განვითარებას.
მესამე ადგილები გადაინაწილეს:
დუისის საჯარო სკოლა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
იდეა: ადგილობრივი წარმოების ჩაი
ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ქართული მცენარეებით დამზადებული ჩაი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ფერმერების ჩართულობას და ჯანმრთელი პროდუქტების პოპულარიზაციას.
ქართულ-ამერიკული სკოლა — პროგრესი
იდეა: GoToGeorgia
ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ტურისტებს ადგილობრივ მასპინძლებთან, პერსონალიზებული, ავთენტური და კულტურულად მდიდარი გამოცდილებების შესაქმნელად.
ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის STEM კლუბი
იდეა: ჭკვიანი სახლის სისტემები
ენერგოეფექტური, Arduino-ს პლატფორმაზე დაფუძნებული ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. მიზანი — კომფორტისა და უსაფრთხოების გაზრდა, მინიმალური ენერგომოხმარებით.
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა
იდეა: AirAlert
სისტემური მოწყობილობა, რომელიც ტოქსიკური აირების გაჟონვას დროულად აფიქსირებს და მომხმარებელს აფრთხილებს. სისტემა მოიცავს სენსორებს, მობილურ აპლიკაციასა და ხმოვან შეტყობინებებს.
მომავალი თაობის მეწარმეების აღმოჩენა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს მარათონი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მოტივირებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
გალერეა



