
10ივნ,2021
სამეცნიერო სიმპოზიუმი
2021 წლის 8-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით შერეულ ფორმატში ჩატარდა. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სიმპოზიუმზე მოწვეული იყო თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ნინი სანადირაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს კონსერვატორიისა და მუზეუმების გაერთიანების ეგიდით დაბეჭდილი წიგნი „ზაქარია ფალიაშვილი - მესა“. წიგნში შესულია მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები დიდი კომპოზიტორის ცხოვრების ღირსშესანიშნავი ფაქტების, შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და მსოფლმხედველობის შესახებ. მცირე პრეზენტაციის შემდეგ, ქალბატონმა ნინიმ წიგნი საბაუნის ბიბლიოთეკას უსახსოვრა.
სიმპოზიუმის დასაწყისში დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე, უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო და წმ. საყდრის დესპანი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტენკური (მისასალმებელი სიტყვა), რომელთაც სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სიმპოზიუმის განმავლობაში წაკითხულ იქნა საინტერესო მოხსენებები როგორც საქართველოში მოღვაწე ქართველი კათოლიკეების შესახებ (შალვა ვარდიძე, პეტრე ხარისჭირაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი), ასევე უცხოელი ისტორიკოსების ცნობებისა და მკვლევართა ხელნაწერების შესახებ (ჰაიტონ კორიკუსელი, არკანჯელო ლამბერტი, ბერნარდე ნეაპოლელი). გარდა ამისა, მოვისმინეთ საინტერესო მოხსენებები საქართველოს რეგიონებში (გურია, რაჭა, სამეგრელო) კათოლიკობის ისტორიის შესახებ. ბევრისთვის სიახლე იყო ცნობები დემეტრე თბილელის შესახებ, ქართველი კათოლიკე კაპუცინი ბერის შესახებ, რომლის გარდაცვალებიდან წელს 700 წელი შესრულდა.
სიმპოზიუმის დასაწყისში ასევე გაიმართა პრეზენტაცია კრებულისა „ჩვენი კათოლიკე წინაპრები“, რომელიც წარადგინეს ავტორებმა: საბაუნის აფილირებულმა ასისტენტმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმღვანელმა ირაკლი ჯავახიშვილმა და საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მდივანმა, კოტე აკოფაშვილმა.
სიმპოზიუმის დასასრულს, უნივერსიტეტის ერთ-ერთი აუდიტორიას მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელი.
სიმპოზიუმი პირველად 2017 წელს ჩატარდა და მისი მიზანია ქართულ საზოგადოებაში კათოლიკე ეკლესიის ღვაწლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
გალერეა






