17ივლ,2026
საზაფხულო სკოლა „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში გამართულ საზაფხულო სკოლაში თემაზე “ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“.
საზაფხულო სკოლის მიზანია ევროსკეპტიკოსების საპასუხოდ ევროფილიის, ევროპული იდენტობისა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. საზაფხულო სკოლის პროგრამა შედგენილი იყო ხუთი თემის ირგვლივ, ესენია:
1. ისტორიის წვლილი ევროპულ ცნობიერებაში
2. ლიტერატურა, ხელოვნება, თარგმანი და ევროპული იდენტობა
3. ევროპული განმანათლებლობა და ისლამური მემკვიდრეობა
4. ევროპული სოციალური ჰუმანიზმი
5. შემოქმედებითი ლიდერობა და სამოქალაქო ჩართულობა მოქმედებაში
„Fuce საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ჩემთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა. ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღებასთან ერთად შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცანი მათ კულტურას, ღირებულებებსა და შეხედულებებს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპა, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირი (EU) სხვა ქვეყნების განვითარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლექტორებისა და ორგანიზატორების პროფესიონალიზმი, საინტერესო დისკუსიები და მეგობრული გარემო, რომელმაც თითოეული მონაწილე აქტიურად ჩართო სასწავლო პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და საერთაშორისო კონტაქტები მომავალშიც ძალიან გამომადგება როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ განვითარებაში. გულწრფელად მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და იმედი მაქვს, მომავალშიც კიდევ ბევრ ახალგაზრდას ექნება მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა“- ანა ბუზალაძე.
„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება იყო ჩემთვბის, გავიცანი ბევრი ახალგაზრდა და პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო ლექციებითა და ჯგუფური მუშაობებით, თუმცა, ასევე ჯგუფთან ერთად ვიმოგზაურეთ ბელგიაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“ - თეკლა ბუნაძე.
საზაფხულო სკოლაში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანა ბუზალაძე და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, თეკლა ბუნაძე. საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო ევროპისა და ლიბანის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის მიერ და ჩატარდა 2026 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისამდე, საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში.